იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ დღეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეებთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პრეზიდენტის მიერ ირინა ენუქიძის თამარ მეფის ორდენით დაჯილდოება სწორი გადაწყვეტილება იყო, თუმცა დასძინა, რომ ამის გაკეთება უფრო ადრე იქნებოდა მიზანშეწონილი.
მოსამართლეების აზრით, გუშინდელი დაჯილდოებით პარასკევს დაგეგმილი არჩევნები უვადო მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით პოლიტიკურ ჭრილში იქნა გადატანილი.
„მინდა, მთლიანად სასამართლოს პოზიცია გამოვხატო, რომ ჩვენ ვუერთდებით იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც ირინა ენუქიძეს მიენიჭა შესაბამისი ორდენი და მიგვაჩნია, რომ ირინა ენუქიძე იყო ღირსეული ქალბატონი, რომელიც მართლაც იბრძოდა იმ უფლებებისთვის და იმ უკეთესი ცხოვრებისთვის, რომელიც ჩვენ ყველას გვინდა ქვეყანაში, უბრალოდ, ვფიქრობთ, შეიძლებოდა, ეს უფრო ადრე გაკეთებულიყო და არ მომხდარიყო ამ ფაქტის დამთხვევა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებაზე პარასკევს არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, ამან განაპირობა საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა და სასამართლო გალანძღვის ობიექტი გახდა", - განაცხადა ლევან მურუსიძემ.