შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი ქვეყანაში ძველი ავტომობილების განბაჟებაზე ფასის ზრდაზე საუბრობს და აცხადებს, რომ აღნიშნული რეგულაცია ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნას ემსახურება. როგორც ხუციშვილი აცხადებს, საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილება საზოგადოებამ უნდა მიიღოს.
„მოდი, ასე მივუდგეთ საკითხს - ავიღოთ, რა არის დღეს განბაჟება, რომლის ცხრილიც შედგენილია 2004 წელს და რა არის მომავალში. თუ თქვენ დაინახავთ, რომ იგივე თუნდაც 10 და 11-წლიანი მანქანა შეღავათიანად არ დაიბეგრება, ვიდრე დღეს, მაშინ შეგვიძლია ვიმსჯელოთ და კიდევ უფრო მეტი შეღავათი დავადგინოთ. მაგრამ, მეორე მხრივ, პრობლემა არის ის, რომ თუ ჩვენ დავუშვებთ ძველი მანქანების შემოყვანას, იმ ადამიანებს, ვისაც უნდათ, რომ მაინცდამაინც 2 ათას დოლარად იყიდონ მანქანა, საკითხი უდგათ ასე - ევროპაში მთავრობები ცდილობენ, წაახალისონ ელექტრომობილები, წაახალისონ ისეთი მანქანები, რომლებიც არის ეკოლოგიურად სუფთა.
ძველი მანქანები ქმნიან ისეთ გარემოს, რომ მფლობელებს უჩნდებათ დისკომფორტი და იძულებულები ხდებიან, გაყიდონ, რათა არ დააბინძურონ გარემო. თქვენ როგორ გგონიათ, გერმანიის მთავრობა, რომელიც ცდილობს, რომ უახლოეს მომავალში ქვეყანას 1 მილიონი ელექტრომობილი ჰყავდეს, ძველ ავტომობილებს სად წაიღებს? გაყიდიან იქაურები და შემოვა ჩვენთან.
თუ გერმანიის მთავრობა ზრუნავს, რომ ქვეყანაში ჯანსაღი გარემო იყოს, ჩვენს შვილებს არ უნდათ ეკოლოგიურად სუფთა გარემო? აქ შემდეგზე გადის ზღვარი - ერთი ის, რომ ან ჩვენს მოქალაქეებს უნდა ჰყავდეთ 2 000-დოლარიანი და ძველი, ეკოლოგიურად არაჯანსაღი ავტომობილი, ან მეორე - კეთილდღეობა მხოლოდ ავტომობილის ყოლა ხომ არ არის, არა?! კეთილდღეობა ჯანსაღ გარემოში ცხოვრებაა. შესაბამისად, არჩევანი საზოგადოებამ უნდა გააკეთოს", - განაცხადა ხუციშვილმა.
წყარო: „ალია" - „ქრონიკა"