reportiori.ge - რამდენი ტყუილია „ენდიაი“-ს კვლევებში
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 02:02
პრეს-დაიჯესტი
რამდენი ტყუილია „ენდიაი“-ს კვლევებში
ავტორი:
23 დეკემბერი, 2015. 18:41


ჯერ კიდევ შარშან გვეგონა, ლუის ნავარო წავიდოდა და დავისვენებდით, მაგრამ ჩვენ მაინც არაფერი გვეშველა. ამერიკის „ეროვნულდემოკრატიული ინსტიტუტი", ანუ „ენდიაი" ყველაფერს მაინც თავისებურად ჭრის და კერავს.


ეს „ენდიაი" ისეთ გამოკითხვებს წარმოგვიდგენს ხოლმე, ძალიან ძნელი დასაჯერებელია, თავადვე რომ სჯეროდეთ. მაგალითად, ბოლო დროს რეგულარულად გვეკითხებიან, ევროკავშირში გვინდა შესვლა თუ „ევრაზიულ კავშირში"? კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 24% „ევრაზიულ კავშირში" გაწევრიანებას უჭერს მხარს, 58% კი აცხადებს, რომ საქართველო ევროკავშირში უნდა გაწევრიანდეს. 8% მიიჩნევს, რომ საქართველო არც ერთ ორგანიზაციაში არ უნდა გაწევრიანდეს. ეს არის სრული იდიოტიზმი თუნდაც იმიტომ, რომ „ევრაზიული კავშირი" ბუნებაში არ არსებობს და შესაბამისად, ეს კითხვა არც უნდა არსებობდეს. ჩვენი მოსახლეობის 24 პროცენტს რომ ჰკითხოთ (თუნდაც 58 პროცენტს), ერთი ადამიანიც კი ვერ გეტყვით, რას წარმოადგენს ევრაზიული კავშირი, რა სტრუქტურაა და ასე შემდეგ. თუკი საკითხი ასე უნდა დავსვათ, მაშინ „ენდიაის" მომავალში შეუძლია, ისიც გვკითხოს: მოსახლეობის რამდენ პროცენტს სურს საბჭოთა კავშირში დაბრუნება? მერწმუნეთ, ამ კუთხით ძალიან მაღალ მაჩვენებელს მივიღებთ. გარდა ამისა, „ენდიაი" გვეუბნება, გამოკითხვა მთელი საქართველოს მასშტაბით ჩავატარე, ოღონდ მარტო ქართულენოვან მოსახლეობაში, 1881 ადამიანი გამოვკითხეო. რატომ მხოლოდ ქართულენოვან მოსახლეობაში? წინა კვლევაში „ევრაზიულ კავშირში" გაწევრიანებას მხარს უჭერდა 35 პროცენტი, ახლა ეს მაჩვენებელი 24 პროცენტამდე დაიყვანეს. არადა, ჩვენ ვიცით, რომ საერთოდ, რუსეთს, სსრკ-ს, ევრაზიულ კავშირსა და ეგეთ რაღაცებს მხარს უფრო ეთნიკური უმცირესობები უჭერენ. როდესაც „ენდიაის" კვლევა გამოქვეყნდა, ე.წ. ლიბერალებმა ქუდი ჭერში ჰკრეს, ნახეთ, რა პროგრესია, „ევრაზიულ კავშირს" საქართველოში მომხრეები შეუმცირდაო. თქვე იდიოტებო, მომხრეები კი არ შეუმცირდა, არაქართულენოვანი მოსახლეობისთვის არაფერი უკითხავთ და ასე შეგიმცირეს პროცენტები. ამას ჰქვია ციფრებით მანიპულაცია და ხალხის გამოთაყვანება!


„ენდიაის" კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 69%-ისთვის საქართველოს მთავრობის მიზანი, გახდეს ნატოს წევრი, მისაღებია. 21% აცხადებს, რომ მიუღებელია. გამოკითხულთა 57% მიიჩნევს, რომ ნატოს წევრობა საქართველოს უსაფრთხოებას მოუტანს, ხოლო 45%-ის აზრით, საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას გააუმჯობესებს. აქაც აბითურებენ ჩვენს მოსახლეობას, ამერიკელები ცდილობენ, დაგვარწმუნონ, რომ ნატოს წევრობა გაგვიუმჯობესებს ეკონომიკურ მდგომარეობას, აქ ერთმანეთში გვირევენ ევროკავშირსა და ნატოს. თუკი ჩვენი მოსახლეობის 45% ფიქრობს, რომ ნატო ეკონომიკურად აგვაყვავებს, მაშინ 69%-ის მხარდაჭერაც გაყალბებულია, ჩვენი ხალხის უმეტესობა ელემენტარულადაც კი ვერ ერკვევა ნატოს სტრუქტურაში და მის ფუნქციებში.


კვლევის თანახმად, კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, პირველი არჩევანის მიხედვით 30% აცხადებს, რომ არც ერთი პარტია. 18% - „ქართული ოცნება", ხოლო მეორე არჩევანის მიხედვით - 4%. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", პირველი არჩევანი - 14%, მეორე არჩევანი - 3%. „თავისუფალი დემოკრატები", პირველი არჩევანი - 9%, მეორე არჩევანიც - 9%. „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა", პირველი არჩევანი - 5%, მეორე არჩევანი - 3%. „ლეიბორისტული პარტია", პირველი არჩევანი - 5%, მეორე არჩევანი - 4%. „პატრიოტთა ალიანსი", პირველი არჩევანი - 4%, მეორე არჩევანი - 3%. აქ უკვე პამპულაობასთან გვაქვს საქმე: პირველი არჩევანი, თუ ის არ იქნება, მეორე აირჩიეთო. დაკვირვებულ თვალს არ გამოეპარება, რომ ამჯერად „ენდიაის" გარკვეული კორექტივები აქვს შეტანილი - „ლეიბორისტებს" ცოტა აწეული აქვთ რეიტინგი, ხოლო „პატრიოტთა ალიანსს" - დაწეული. აშკარად ვხედავთ, ამერიკელებს ირმა ინაშვილის აგრესიულობა და მიტინგების მოწყობა არ მოეწონათ. რაც შეეხება ნინო ბურჯანაძის რეიტინგის დაცემასა და ირაკლი ალასანიას რეიტინგის გაუმჯობესებას, აქაც ვხედავთ, რომ ამერიკელები ალასანიას ბოლომდე არ სწირავენ და „ნაციონალებთან" ერთად გარკვეულ რეზერვად მაინც ინახავენ.


კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, „ქართულ ოცნებას" ხმას გამოკითხულთა 16% მისცემდა, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობას" - 10%. გაუგებარია, აქ რატომ არ ემთხვევა პირველადი არჩევანის მონაცემი, „ქართული ოცნების" 18%-დან 2-მა პროცენტმა და „ნაციონალების" 14%-დან 4-მა პროცენტმა გადაიფიქრა?!


კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 35% აცხადებს, რომ ჯერ არ იცის. პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა გამოკითხულთა 15%-მა. 7% კი აცხადებს, რომ ხმას „თავისუფალ დემოკრატებს" მისცემდა. 3% აცხადებს, რომ ხმას ნინო ბურჯანაძის პარტიას მისცემს. 3-3% „ლეიბორისტულ პარტიას" და „პატრიოტთა ალიანსს" მისცემდა. მოკლედ, შალვა ნათელაშვილს, ნინო ბურჯანაძესა და ირმა ინაშვილს პირველადი არჩევანის შემთხვევაში უფრო უკეთესი რეიტინგები აქვთ, ვიდრე პირდაპირი არჩევანის შემთხვევაში. აქ უკვე უიმედო მდგომარეობაა, ეს სამი პოლიტიკური ძალა ერთ ქვაბშია ჩაყრილი, თუ ასე წაიყვანეს საქმე, ვერც ერთი ვერ გადალახავს ბარიერს საპარლამენტო არჩევნებში. კითხვაზე - ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას? გამოკითხულთა 64% აცხადებს, რომ მონაწილეობას მიიღებდა. ხვალ რომ არჩევნები იყოს, რომელი პარტია გაიმარჯვებდა? გამოკითხულთა 33% აცხადებს, რომ „ქართული ოცნება", 9% - აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა", ხოლო 5% „თავისუფალ დემოკრატებს" ასახელებს. ესე იგი, გამოკითხულთა 18% ფიქრობს, მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს „ქართული ოცნება" დგას, 16% ამბობს, რომ ხმას ამავე პარტიას მისცემს, ხოლო 33%-ს მიაჩნია, რომ ეს პარტია გაიმარჯვებს. თუ ვფიქრობ, რომ ჩემს შეხედულებებთან ახლოს დგას, მაშინ ხმა „ქართულ ოცნებას" უნდა მივცე და ასევე, უნდა მეგონოს, რომ გაიმარჯვებს. ეს სამი ფაქტორი ერთმანეთს არ გამორიცხავს.


კითხვაზე, რომელ პარტიას არასოდეს მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 21% „ნაციონალურ მოძრაობას" ასახელებს, ხოლო 16% - ქართულ ოცნებას". 25%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის.


53% ეთანხმება მოსაზრებას, რომ „რუსთავი 2"-ის მფლობელობასთან დაკავშირებული დავა უმთავრესად პოლიტიკურად მოტივირებულია და მედიის თავისუფლების შეზღუდვას ემსახურება. გამოკითხულთა 21% აცხადებს, რომ აღნიშნულ მოსაზრებას არ ეთანხმება, 14%-ის პოზიცია გაურკვეველია. ჯერ ერთი, გამოკითხულთა 53% აზრზე არ არის, რა ხდება „რუსთავი 2"-თან დაკავშირებით და მეორეც, რატომ გახდა მხოლოდ ერთი „ნაციონალური" მედიასაშუალება „ენდიაის" კვლევის საგანი და რატომ არ ტარდებოდა ანალოგიური გამოკითხვები „იმედის" დარბევის შემდეგ? ახლა ნახეთ მომდევნო კითხვა: „რუსთავი 2"-ის მფლობელობასთან დაკავშირებული დავა არის უმთავრესად მოტივირებული კერძო მხარეებს შორის არსებული დაპირისპირების და ემსახურება კანონიერი მფლობელის დადგენას"? აღნიშნულ მოსაზრებას 36% ეთანხმება, 34% აცხადებს, რომ არ ეთანხმება. ხალხო, თუკი 53% მიიჩნევს, რომ ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული და საქმე გვაქვს მედიის შეზღუდვასთან, თუკი ამას მხოლოდ 21% არ ეთანხმება, მერე როგორღა გამოდის, რომ 36% კერძო დავად თვლის და ამას 34% არ ეთანხმება? ამასთანავე, თურმე 15% „არც ეთანხმება და არც არ ეთანხმება", ხოლო 15%-მა არ იცის. რა აღრევაა და რა თავგზის აბნევაა, ეს 1881 ადამიანი ასეც ფიქრობს, ისეც და თან არაფერი იცის?!


მეგობრებთან პოლიტიკურ მოვლენებზე სატელეფონო საუბრისას გამოკითხულთა 50% თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს. გამოკითხულთა 38% აცხადებს, რომ თავს უსაფრთხოდ გრძნობს (ბედნიერი 38%).


კვლევის მიხედვით, „ქართული ოცნების" მხარდამჭერებიდან გამოკითხულთა 61% პოლიტიკურ მოვლენებზე საუბრისას თავს უსაფრთხოდ გრძობს, 28% არ გრძნობს თავს უსაფრთხოდ, „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერების 71% თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს, 18% - უსაფრთხოდ გრძნობს (ა, „ნაციონალებსაც" ჰყოლიათ ბედნიერები). ისე, საინტერესოა, „ქართული ოცნების" მხარდამჭერების 28% რომ თავს ვერ გრძნობს უსაფრთხოდ და ჰგონია, დღე და ღამე უსმენენ, მაშინ რატომღა არიან ასეთები მხარდამჭერები, რა ხდება? იგივე შეიძლება ითქვას „ნაციონალების" 18%-ზეც, რომელიც თავს უსაფრთხოდ გრძნობს - როგორ შეიძლება, რომელიმე „ნაციონალმა" ასეთი რამ თქვას, ეს ხომ დედა პარტიის ღალატია? მოკლედ, იყო ნავარო, გვაშტერებდნენ, წავიდა ნავარო - მაინც გვაშტერებენ. რაკი აღნიშნული ორგანიზაცია ამერიკელების ერთგვარი პიარმანქანაა და ვერ ვიშორებთ, მაშინ ჩვენ უნდა ვისწავლოთ მათი ბოროტი ზრახვების გამოაშკარავება და ყველაფრის წაკითხვა ჩვენებურად.

 

 

 

გელა ზედელაშვილი

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016