reportiori.ge - რას ნიშნავს „სიტუაციური ოთახი“ და ვისთვის კეთდება – პრეზიდენტისთვის თუ პრემიერისთვის?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 02:25
პრეს-დაიჯესტი
რას ნიშნავს „სიტუაციური ოთახი“ და ვისთვის კეთდება – პრეზიდენტისთვის თუ პრემიერისთვის?
ავტორი:
24 დეკემბერი, 2015. 12:40


აწ უკვე საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის საქმიანობის სამწლიანი ანგარიშის წარდგენისას, განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში ეროვნული „სიტუაციური ოთახი" დაიწყებს ფუნქციონირებას: „მოქალაქეთა უსაფრთხოება მხოლოდ სამხედრო თავდაცვისუნარიანობაზე არაა დამოკიდებული. ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლის შემდეგ, გაჩნდა გარკვეული ვაკუუმი - განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მთავრობის დაქვემდებარებაში, უსაფრთხოების საკითხებზე მაკოორდინებელი ორგანოსა და მისი ფუნქციების ზუსტი განსაზღვრა. სწორედ ამ ამოცანების შესრულებისთვის შეიქმნა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო. უსაფრთხოების მიმართულებით სწრაფი და კოორდინებული მუშაობისთვის უახლოეს დღეებში ფუნქციონირებას დაიწყებს ბრიტანულ მოდელზე დაფუძნებული ეროვნული „სიტუაციური ოთახი".


რა არის ეროვნული „სიტუაციური ოთახი"? რატომ გაჩნდა მისი შექმნა საჭირო, როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოები არსებობს?


„ალიას" უსაფრთხოების ექსპერტი, ვახტანგ მაისაია ესაუბრა:


- დიდ ბრიტანეთში ამას ჰქვია ეროვნული „სიტუაციური ოთახი" - „კობრა". როდესაც რაიმე კრიზისული სიტუაციაა, ან, დავუშვათ, საომარი მდგომარეობაა, მთავრობა გადადის, ასე ვთქვათ, საგანგებო სიტუაციების რეჟიმში. ეს არის დაცული ტერიტორია, ბუნკერის ტიპის, სადაც არ აღწევს ბირთვული, ან საჰაერო დარტყმით მიყენებული ტალღა და ტერორისტებს, ან სხვა ექსტრემისტებს იქ შეღწევა გაუჭირდებათ. ეს არის აღნიშნული ოთახის იდეა. ახლახან პარიზში რომ მოხდა ტერაქტი და როცა საუბარი იყო, რომ პრეზიდენტი ოლანდი იყო თავდასხმის ობიექტი, ის სწორედ ასეთი ტიპის სიტუაციურ ცენტრში დაიმალა და თათბირი იქ ჩაატარა.


მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის კრიზისული მართვის სარეზერვო პუნქტი, საიდანაც საგანგებო მდგომარეობის პირობებში, პრემიერ-მინისტრი ახორციელებს ქვეყნის მართვას. უფრო დაცულ ტერიტორიულ სივრცეში იქნება და ამოქმედდება იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში სიტუაცია კრიტიკული იქნება. მაგალითად, როდესაც რუსეთმა ჰაერიდან დაბომბა თბილისი, დედაქალაქისკენ მოდიოდნენ და იყო შანსი, მომხდარიყო თბილისის ოკუპაცია, ასეთ შემთხვევაში მთავრობა გადადის საგანგებო სამუშაო რეჟიმის პირობებში.


- დიდი ბრიტანეთის გარდა, „სიტუაციური ოთახები" კიდევ რომელ ქვეყნებშია?


- ამერიკაშია, საფრანგეთი უკვე გითხარით, ბელგიაშია... ასეთი მოდელები, ძირითადად, ევროკავშირის ქვეყნებში მოქმედებს. პირველად მსგავსი ბუნკერი, თუ არ ვცდები, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა და მას შემდეგ სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედებდა, სადაც დაბომბვები ხდებოდა და საგანგებო სიტუაციები იყო.


- ალბათ, ამ ტიპის ბუნკერის ადგილმდებარეობა, მისი ფუნქციისა და შინაარსიდან გამომდინარე, გასაიდუმლოებული იქნება. საინტერესოა, ჩვენთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის, თუ იქნება ცნობილი მისი მდებარეობა?


- ზუსტად ვერ გეტყვით... მაგალითად, ბრიტანეთში ეს ადგილი ნაკლებად არის ცნობილი, მოსახლეობა იგებს, რომ მთავრობა გადავიდა ეროვნული მართვის ცენტრში, ანუ „კობრაში" შეიკრიბა, მაგრამ სად, როგორ, რა ვითარებაში, ეს ცნობილი არ ხდება ხოლმე. არც ისე დიდი ხნის წინ, რუსეთშიც გაიხსნა ეროვნული თავდაცვის ცენტრი.


- თქვენ უსაფრთხოების ექსპერტი ბრძანდებით და როგორ ფიქრობთ, ტერიტორიულად სად უფრო ჯობია „სიტუაციური ოთახის" აშენება? გამართლებული იქნებოდა მისი დედაქალაქში ფუნქციონირება?


- სპეციფიკიდან გამომდინარე, წესით და რიგით, სასურველი იქნებოდა მისი ქალაქგარეთ გაკეთება, თუმცა, რამდენიმე ქვეყანაში ეს ქალაქის შიდა ტერიტორიაზეა. მოკლედ, გააჩნია ქვეყანას, თავად დედაქალაქის მდებარეობას და იმას, რამდენად შეიძლება იყოს ქალაქი გარე ან სხვა სახის აგრესიის, შეტევის საფრთხის ქვეშ.


- „სიტუაციური ოთახი" მხოლოდ მაშინ მოქმედებს, როდესაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული?

 

- ძირითადად, მასეა, თუმცა, თუ რაღაც ექსტრავაგანტური სიტუაციაა, მაშინაც ფუნქციონირებს ხოლმე. ეროვნული „სიტუაციური ოთახი" მოქმედებს ისეთ სიტუაციებშიც, როდესაც ქვეყანაში ვითარება იძაბება და არის საფრთხე, რომ მოხდეს ქვეყნის ან პოლიტიკური ხელმძღვანელობის საქმიანობის პარალიზება. მაგალითად, როდესაც სამხედრო გადატრიალება მზადდება... ბუნებრივია, ამ ტიპის ბუნკერი ყველანაირად აღჭურვილი უნდა იყოს - სარეზერვო მართვის, განათების, კომუნიკაციური კავშირგაბმულობის დამატებითი სისტემებით, რომლებიც შემდგომში უზრუნველყოფს შექმნილ ვითარებაში ოპერატიულ საქმიანობას.


- მაქსიმუმ, რამდენი ხანი შეიძლება ასეთ ბუნკერში ყოფნა?


- გააჩნია, ხელმძღვანელობა როგორ გადაწყვეტს და გააჩნია, რა ვითარება და პირობებია ქვეყანაში შექმნილი. ეს შეიძლება იყოს რამდენიმე დღით ან, მაქსიმუმ, ორ-სამ თვემდე, ალბათ. მე ჰიპოთეტურად გეუბნებით, თორემ შეიძლება მხოლოდ ერთი-ორი საათიც საკმარისი იყოს, როცა კრიზისი გადავა და შესაბამისი ზომები იქნება მიღებული.


- საშუალოდ, რა ჯდება ამ ტიპის ბუნკერის აშენება?


- მაგალითად, რუსეთში ასეთი ცენტრის მოწყობა 100 მილიონი დოლარი დაჯდა... ეროვნული „სიტუაციური ოთახი" კრიზისული მიმართულების ცენტრს იმაში ჰგავს, რომ მასში დროებით შეიძლება იყოს მუდმივი ოპერატიული მართვის ცენტრი - სამშვიდობო პერიოდში, დავუშვათ, ხდებოდეს ოპერატიული ინფორმაციის მიღება და ანალიზი, ეს ერთი და შემდეგ, კრიზისული მართვის პერიოდში, გადაკეთდეს განსაკუთრებული ტიპის ოთახად. ანუ იქ შეიძლება იყოს 24-საათიანი ოპერატიული ანალიზისა და მართვის ცენტრი, რომელიც სიტუაციას 24-საათიან რეჟიმში გააანალიზებს.


- რამდენად საჭირო იყო „სიტუაციური ოთახის" შექმნა? მთავარ აგრესორთან თითქოს სიტუაცია ლაგდება...


- ალბათ, ძირითადად, საუბარია ტერორიზმის საფრთხესთან დაკავშირებით და შესაძლოა, ამის გაკეთება ტერორიზმთან ბრძოლის კონტექსტში იყო განხილული, რადგან ქვეყანასთან „დაეშის" მოახლოებისა და „დაეშის" ვილიაიეთის გახსნის საფრთხის მომენტი არის. არ ვიცი, ხელისუფლებას აქვს თუ არა ეს ინფორმაცია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, როგორც ჩანს, მთავრობა ერიდება სიტუაციის ამგვარ განვითარებას და ემზადება. „სიტუაციური ოთახის" გაკეთება ლოგიკურიცაა, პარიზში მოხდა ტერორისტების თავდასხმა და ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად.


- 2008 წლის ომის შემდეგ, ხშირად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილი რაღაც საიდუმლო თავშესაფარს აშენებდა. თუ იცით, ააშენა თავშესაფარი?


- მე მგონი, აშენდა. მე, როგორც ჩემი პირველადი განათლების, სამთოგეოლოგის კუთხით, შემიძლია ვთქვა, რომ პრეზიდენტის სასახლეს, მისი კონფიგურაციიდან გამომდინარე, გააჩნია ისეთი ადგილმდებარეობა, რომ ყველა ვარიანტში ექნება თავშესაფარი. როგორც ჩანს, მარგველაშვილის იქ გადასვლა ამითაც ყოფილიყო განპირობებული. რეზიდენციაში რამდენიმეჯერ ვარ ნამყოფი, ვიზუალურად კარგად მაქვს დათვალიერებული შენობა და შემიძლია გითხრათ, რომ ეს მომენტები მათ გააჩნიათ. სავარაუდოდ, იქ სხვადასხვა გვირაბების სარეზერვო გასასვლელები და ქვემოთ არსებული კომუნიკაციური სისტემა არის, რომელიც საგანგებო ვითარების დროს იძლევა იმის საშუალებას, რომ პრეზიდენტის უსაფრთხოება იყოს დაცული. შეიძლება, პრემიერსა და პრეზიდენტს შორის დაპირისპირება ამის გამოც ყოფილიყო, ამას არ გამოვრიცხავ, რადგან შეიძლება, იქ პრემიერი და საქართველოს მთავრობა შესულიყო, ასეთ დიდ შენობას სხვა რომელიმე უწყებას არ გადასცემდნენ.


- რა გამოდის, პრემიერმა პრეზიდენტის ჯინაზე გადაწყვიტა „სიტუაციური ოთახის" აშენება?


- ჯერ ერთი, როგორც ჩანს, ეს პრესინგის ერთ-ერთი მომენტია და მეორე, უსაფრთხოების კუთხიდან გამომდინარე. როგორც მოგეხსნებათ, თავის დროზე რუსებმა შემოიყვანეს „ისკანდერები" და საქართველო ბირთვული დარტყმის ქვეშ მოაქციეს. თუ ასეთი ბომბი დაეცა პრეზიდენტის სასახლეს, თავისუფლად შეუძლია, ის ნაკუწებად დაშალოს. როგორც ჩანს, ამერიკელებთან და სხვებთან კონსულტაციის შედეგად, მიხეილ სააკაშვილმა შეიმუშავა და დაიწყო ასეთი საპრეზიდენტო დაბრაზის მშენებლობა, სადაც თავშესაფარი და შესაბამისი კომუნიკაციური სისტემები არსებობს. ახლა პრეზიდენტს არავინ არაფერს ეკითხება, მთელი სახელისუფლებო ძალაუფლება გადასულია პრემიერის ხელთ, ადრე სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო პრეზიდენტის უშიშროების საბჭოს საპირწონედ შეიქმნა და გასაგები ხდება, რატომ მოხდა დაპირისპირება მასსა და პრემიერს შორის, გარდა იმ მომენტებისა, რაც ისედაც ცნობილია.


- ანუ პრემიერმა ამ „ოთახის" აშენებს თავისთვის გადაწყვიტა... ისე, ქვეყნის მთავარსალდალი პრეზიდენტია და საგანგებო მდომარეობასაც ის აცხადებს...


- კონსტიტუციით მასეა, თუმცა პრეზიდენტმა შეიძლება ბევრი რამ გამოაცხადოს, მაგრამ მისი იმპლემენტაციაა საჭირო. პრეზიდენტი, როდესაც ბრძანებას გამოსცემს, ვთქვათ, საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს, ვინ აღასრულებს ამას, ვინაა მთავარი? აღსრულების მექანიზმები პრემიერმინისტრს აქვს გადაცემული, ამაშია მთელი კურიოზი.


- მერე, ეგ კურიოზი ისევ კონსტიტუციურ დონეზე უნდა გამოსწორდეს... დავუშვათ, პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ამ შემთხვევაში, მთავრობა გადავა „სიტუაციურ ოთახში". წესით, მთავარსარდალი პრემიერთან და მთავრობასთან ერთად უნდა იყოს და ერთად დაგეგმონ ღონისძიებები, ხომ?


- რა თქმა უნდა. კონსტიტუციით პრეზიდენტი არის უმაღლესი მთავარსადრალი, მაგრამ პრეზიდენტი სად წავა... მას ბევრ რამეს არ ეკითხებიან. წესით, ამ ოთახში ყოფნის პრეროგატივა მას ეკუთვნის, მაგრამ ერთი მომენტია: უშიშროების ერთი საბჭოს ხელმძღვანელი პრეზიდენტია და პრემიერსაც აქვს თავისი საბჭო, ანუ ორი უშიშროების საბჭოა შექმნილი. აქ ეს ვარიანტია: როგორც ჩანს, პრეზიდენტს აქვს დაცული ბუნკერი და პრემიერმაც ჩათვალა, რომ ასეთი ბუნკერი მასაც უნდა ჰქონოდა, მე ასე ვხედავ ამ საკითხს.


ღმერთმა არ ქნას და ქვეყანაში თუ რამე კატასტროფა მოხდება, - ბირთვული დარტყმა, სამხედრო გადატრიალება, საგარეო ან ტერორისტული საფრთხე - რა თქმა უნდა, პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია, უშიშროების საბჭოს აპარატი დაცულ ადგილას აღმოჩნდებიან. როგორც ჩანს, პრემიერს ასეთი ტიპის დაცული ოთახი არ ჰქონდა და აქედან გამომდინარე, მან დააყენა ამ ტიპის ბუნკერის შექმნის საკითხი.

 

 

ნინო ლაბარტყავა

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016