reportiori.ge - ილია II –ის პატრიარქად აღსაყდრებიდან 38 წელი გავიდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 06:04
რელიგია
ილია II –ის პატრიარქად აღსაყდრებიდან 38 წელი გავიდა
ავტორი:
25 დეკემბერი, 2015. 00:12

უწმიდესის და უნეტარესის, საქართველოს პატრიარქის ილია მეორეს კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრებიდან  38 წელი გავიდა.


1933 წლის 4 იანვარს, ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაურ-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის კეთილმორწმუნე ოჯახში დაიბადა პატარა ირაკლი. იმ დღეს უცნაური რამ მოხდა: ოთახში თეთრი მტრედი შეფრინდა და მთელი დღე დედა-შვილის თავთან იჯდა.


ღუდუშაურთა გვარი ძველი დროიდან მოდის. ვახტანგ გორგასლის დროს ბრძოლაში თავი გამოუჩენია ვინმე სნოს. მეფეს მისი ვაჟი მოუნათლავს და ღუდუშაური დაურქმევია. ღუდუშაურები ხევში ცხოვრობდნენ და სახელოვანი ვაჟკაცები იყვნენ. სიმამაცით გამორჩეული ყოფილა შიოლა ღუდუშაური. სწორედ მისი შთამომავალია ჩვენი პატრიარქი. შიოლა ღუდუშაური VII საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა. მისი სახელი რომ დარჩენილიყო, შთამომავლებიდან ზოგიერთმა შიოლაშვილის გვარი მიიღო.


პატრიარქი მესამე დღეს - ქრისტეშობას - მონათლეს ვლადიკავკაზის ქართულ ტაძარში და მეფე ერეკლეს პატივად ირაკლი დაარქვეს.


გიორგი შიოლაშვილის შვილები თავიდანვე ეკლესიურ გარემოში იზრდებოდნენ. ოჯახი წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძარში დადიოდა. ამავე დროს, გიორგის შინ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელზე მეორე ეკლესია ჰქონდა მოწყობილი. პატრიარქი იგონებს:


ყოველ საღამოს, ძილის წინ, მამაჩემი და-ძმებს ხატების წინ დაგვაყენებდა და ლოცვებს წაგვიკითხავდა, ზოგ ლოცვას ჩვენც გვაკითხებდა, მაგალითად, 90- ფსალმუნს აუცილებლად რომელიმე ჩვენგანს გვათქმევინებდა, შემდეგ ნაკურთხ წყალს გვასხურებდა და დასაძინებლად გაგვიშვებდა, თვითონ კი ლოცვას აგრძელებდა და იმით ამთავრებდა, რომ ყოველთა წმიდათა ქართველთა ხატის წინ მუხლს იმდენჯერ მოიყრიდა, რამდენი წმიდანიცაა გამოხატული ამ ხატზე და ყოველი მათგანისაგან ლოცვა-კურთხევას ითხოვდა".


1952 წელს სკოლის დასრულების შემდეგ ირაკლიმ სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო, რომელიც სერგიევ პოსადში, მაშინდელ ზაგორსკში, მდებარეობდა. სემინარია პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა. როგორც საუკეთესო სტუდენტი, იგი აკადემიის პირველ კურსზე ჩარიცხეს.


1957 წლის 16 აპრილს, 24 წლის ირაკლი თბილისის ალექსანდრე ნეველის ტაძარში ბერად აღკვეცეს და უწოდეს ილია. იმავე წელს მას ჯერ დიაკვნად, შემდეგ კი ბერ-მონაზვნად დაასხეს ხელი.


აკადემიაში სწავლის დროს, მღვდელ-მონაზონმა ილიამ საკანდიდატო შრომა დაწერა: „ათონის ივერიის მონასტრის ისტორია", რისთვისაც მას ღვთისმეტყველების კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი მიენიჭა.


1960 წელს მღვდელ-მონაზონმა ილიამ მოსკოვის სასულიერო აკადემია დაამთავრა. მას საპროფესორო სტიპენდიანტად დარჩენა შესთავაზეს, რისი წყალობითაც შეეძლო ლექციები წაეკითხა სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში, მაგრამ მას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ეფრემ მეორისაგან სხვაგვარი კურთხევა ჰქონდა: სამშობლოში უნდა ემოღვაწა. მღდველ-მონაზონმა ილიამ საპატიო კარიერაზე უარი თქვა, სამშობლოში დაბრუნდა და ბათუმის ტაძარში დაიწყო მღვდელმსახურება. მალე იღუმენის, შემდეგ კი არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანეს.


1963 წელს უწმიდესმა და უნეტარესმა ეფრემ მეორემ მოახერხა საქართველოში სასულიერო სასწავლებლის გახსნა, რომელსაც „საღვთისმეტყველო კურსები" დაარქვეს. სწორედ მის პირველ დირექტორად დაინიშნა არქიმანდრიტი ილია.


1963 წელს იგი ბათუმ-შემოქმედელ ეპისკოპოსად აკურთხეს. ამ ეპარქიას შვიდი წელი წინამძღოლობდა. შემდეგ კი ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში გადაიყვანეს, სადაც 11 წელი დაჰყო. ამავე დროს იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის პირველი რექტორი.


1977 წელს გარდაიცვალა მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქი დავით V. გაიმართა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის XII ადგილობრივი კრება, რომელმაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად ერთხმად აირჩია ილია II, ილია I საქართველოს ეკლესიას მართავდა მეოთხე საუკუნეში.


პატრიარქის აღსაყდრება საპატრიარქო ტახტზე მოხდა 1977 წლის 25 დეკემბერს მცხეთის სვეტიცხოველის ტაძარში. იმ პერიოდში, კომუნისტების გამოისობით, ეკლესიაში თითქმის არავინ დადიოდა, ტაძარში კანტი-კუნტად იდგნენ მლოცველები. იმ დღეს კი სვეტიცხოვლის ტაძარი მთლიანად გაივსო, პატრიარქის აღსაყდრებაზე მოვიდნენ ინტელიგენცია, ახალგაზრდობა. ეკლესიის ასეთი აშკარა მხარდაჭერა მაშინ პირველი იყო. ხალხმა იგრძნო, რომ საქართველოს ცხოვრებაში რაღაც ახალი, ძალზე მნიშვნელოვანი იწყებოდა.

მართლაც, პატრიარქის მოღვაწეობა ძალიან ნაყოფიერი გამოდგა.

ამ პერიოდში საქართველოს ეკლესიის წმინდათა დასს მრავალი წმიდანი შეემატა: წმიდა ილია მართალი (ილია ჭავჭავაძე), წმიდა ექვთიმე ღვთისკაცი (ექვთიმე თაყაიშვილი), წმიდა მღვდელმოწამე გრიგოლი (გრიგოლ ფერაძე), წმიდა ცოტნე აღმსარებელი (ცოტნე დადიანი) და მრავალი სხვა, სჯულისა და მამულისათვის თავდადებული მოღვაწე.


1998 წელს მისი უწმინდესობის თაოსნობით მცხეთის სასულიერო სემინარია თბილისში გადმოვიდა და დაარსდა თბილისის სასულიერო სემინარია და აკადემია. საუკუნეების შემდეგ კვლავ აღსდგა გელათის სასულიერო და მეცნიერებათა აკადემიები. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაიხსნა სასულიერო სასწავლებლები, გიმნაზიები. უმაღლეს სასწავლებლებში დაარსდა საღვთისმეტყველო კათედრები, სადაც ლექციებს კითხულობენ სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებულები.


უწმიდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით, თანამედროვე ქართულ ენაზე გამოიცა ბიბლია, გამოდის მრავალი საეკლესიო ჟურნალ-გაზეთი, საღვთისმეტყველო წიგნები. საპატრიარქოსთან შეიქმნა ხალხური რეწვის, საგარეო-ეკონომიკური, საფინანსო-სამეურნეო, სიწმიდეთა მოძიების, სოფლის მეურნეობის, ჯანმრთელობის დაცვის განყოფილებები, ხუროთმოძღვრების, ქართული გალობის აღდგენისა და შესწავლის ცენტრები. 2001 წლიდან ეთერშია საპატრიარქოს რადიო „ივერია" (FM 105'4 ტალღაზე). საპატრიარქო რეზიდენციაში იმართება სამეცნიერო კონფერენციები, სადაც სასულიერო პირები და მეცნიერები ერთობლივად მსჯელობენ ქვეყნისათვის საჭირბოროტო საკითხებზე. საპატრიარქოში ფუნქციონირებს ახალგაზრდული ორგანიზაცია „ძლევაი", ჩამოყალიბდა საქველმოქმედო ფონდი „ლაზარე", რომელიც გაჭირვებულ ხალხს ეხმარება, დაარსდა მოხუცებულთა თავშესაფარი, მოწყალების სახლი, გაიხსნა მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სახლები ძეგვში, ბედიანსა და ზესტაფონში, რომელთაც მონასტრები მფარველობენ. აღსდგა და აშენდა ტაძრები, გაიხსნა დედათა და მამათა მონასტრები.


პატრიარქი წერს ხატებს. მის მიერ მოხატული ფრესკები ამშვენებს ზოგიერთ ტაძარს და საპატრიარქოს. ყოვლადწმიდა სამების ახლადაშენებული ტაძრისათვის კი მან წმიდა სამების შესანიშნავი ხატი დაწერა. მას ეკუთვნის ასევე საგალობლები, რომლებიც წირვა-ლოვის დროს სრულდება.


უწმიდესსა და უნეტარესს ილია II მჭიდრო ურთიერთობა აქვს ფერეიდნელ ქართველებთან, თურქეთში, საინგილოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გაბნეულ ქართველობასთან.


კათოლიკოს-პატრიარქი ილია II დაჯილდოვებულია მსოფლიოს საპატრიარქოს, იერუსალიმის, ბულგარეთის, სერბეთის და თითქმის ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოებით. ნიუ-იორკის სასულიერო აკადემიამ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II ღვთისმეტყველების დოქტორის წოდება მიანიჭა. 1997 წელს კი ასეთივე წოდება მიიღო კრეტის აკადემიიდანაც, იგი არჩეულია მოსკოვის ინფორმატიზაციის აკადემიის წევრად, 2002 წელს კი თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსტეტმა და თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელმწიფო პედაგოგიურმა უნივერსტეტმა საპატიო დოქტორისა და პროფესორის წოდება მიანიჭეს.


ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქის ილია II სახელს უკავშირდება არის სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დადებული საკონსტიტუციო შეთანხმება, რომელსაც ხელი მოეწერა სვეტიცხოვლის ტაძარში 2002 წლის 14 ოქტომბერს. ამ შეთანხმებით განისაზღვრა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული ადგილი ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში.


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევითა და ღვაწლით, თბილისში, ელიას მთაზე, აშენდა წმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარი. უფალმა დაადასტურა, რომ მისთვის სათნო იყო ამ ტაძრის აგება: 23 ნოემბერს, ტაძრის კურთხევის დღეს, ეკლესიაში თეთრი მტრედი შეფრინდა, რომელიც საკურთხეველში, სამეუფო საყდარზე ჩამოჯდა და მთელი წირვის მანძილზე არ განძრეულა. თავად უწმიდესი ყოვლადწმიდა სამეფის ტაძარს ასე აფასებს - ესაა ქართველი ხალხის ავტოპორტრეტი. იგია სიმბოლო ერის მოქცევისა და გაერთიანებისა".




http://reportiori.ge/?menuid=7&id=85055

 

 

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016