შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, 1978 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ვუგარ გ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გადაზიდვის ბრალდებით დააკავეს.
დაკავება მარნეულის რაიონის სოფელ კირაჩმუღანლოში მოხდა. სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს 1,8 გრ ტრამადოლის შემცველი 12 აბი და 7,9973 გრ ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, 4,5466 გრ ჰეროინს შეიცავს.
ნარკოლოგიური შემოწმებისას დადგინდა, რომ დაკავებული ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გადაზიდვის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით.