ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ მძიმე წონაში მსოფლიოს ჩემპიონი, რუსი ალექსეი ლოვჩევი საერთაშორისო ტურნირებს დროებით ჩამოაშორა.
საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მწვრთნელის გიორგი ასანიძის განცხადებით, ლოვჩევმა აკრძალული პრეპარატი „იპამორელინი" გამოიყენა, რის გამოც ავტომატურად, მსოფლიოს ჩემპიონად ლაშა ტალახაძე გამოცხადდა.
„მინდა ლაშა ტალახაძეს მსოფლიო ჩემპიონობა მივულოცო... არავის ცუდი არ მიხარია, თუმცა ჩემი ლაშას ჩემპიონობა ნამდვილად მახარებს... ლოვჩევის ტესტმა დადებითი აჩვენა მსოფლიო ჩემპიონატზე", - განაცხადა საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ.
ლოვჩევის გარდა, აკრძალული პრეპარატების გამოყენება კიდევ 16 სპორტსმენს დაუდგინდა.
ჰიუსტონში წელს გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე, +105 კგ წონით კატეგორიაში 22 წლის ქართველი ძალოსანი, ჯამში 454 კგ.-ით (ატაცი 207+აკვრა 247) მეორე ადგილზე გავიდა, ლოვჩევმა კი, რომელმაც რეკორდული შედეგი - 475 კილოგრამი აჩვენა, ოქროს მედალი მოიპოვა.