სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრების 38-ე საიუბილეო წელთან დაკავშირებით სამების ტაძრის ცენტრალურ დარბაზში გამოფენა გაიხსნა.
პატრიარქმა სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ ქადაგებისას ბრძანა, რომ 38 წლის განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა ღვთის მადლითა და შეწევნით.
უწმინდესის განცხადებით, ის ყოველთვის გრძნობდა უფლის სიახლოვეს, რომელსაც უჭირავს მისი ხელი და ატარებს უფლის გზებზე.
პატრიარქმა ამბიონზე მიიწვია ტაძარში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ღარიბაშვილი და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი. პატრიარქმა ყველა მათგანი დალოცა.
„მე ვმადლობ უფალს მისი დიდი წყალობისათვის. ამ წლების მანძილზე მე მუდამ ვგრძნობდი უფლის სიახლოვეს, რომელსაც უჭირავს ჩემი ხელი და მატარებს ურთულეს გზებზე. უფალს ძალიან უყვარს საქართველო და მთელი მსოფლიო, ძალიან ხშირად გვიგზავნის განსაცდელს, მაგრამ არასდროს არ გვშორდება. წყალობა უფლისა და მადლი ღვთისა გფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა", - ბრძანა უწმინდესმა.
ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი ტაძარში მეუღლეებთან ერთად იმყოფებოდნენ.
წირვის დასრულების შემდეგ ტაძარში შეკრებილთ მეუფე დანიელმა მიმართა, რომელმაც უწმინდესის ღვაწლზე ისაუბრა და ის ურთულესი პერიოდები გაიხსენა, რომელშიც უწმინდესს უწევდა მოღვაწეობა. მეუფე დანიელის თქმით, უფალმა პატრიარქს დააკისრა მისია, იმედი არ გაეცრუებინა ერისათვის და ამ რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ჩვენ დავინახეთ ეკლესიისადმი ადამიანების შეუქცევადი შემობრუნება.
მოამზადა ნათია ცუხიშვილმა