იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან აქციის მიმდინარეობის დროს დაკავებული ირაკლი კაკაბაძე პირველ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. აღნიშნულ ინფორმაციას ჟურნალისტი ირაკლი კორძაია და ლაშა ჩხარტიშვილი ავრცელებენ.
როგორც კორძაია და ჩხარტიშვილი განმარტავენ, მათ ზუსტად არ იციან კაკაბაძის მდგომარეობა, თუმცა აცხადებენ, რომ ის ამ ეტაპზე სასამართლოში მისვლას ვერ შეძლებს.
რაც შეეხება კაკაბაძესთან ერთად დაკავებულ ბეჟან გუნავას პროცესის დაწყებას ,საქალაქო სასამართლოში შეკრებილები კვლავ ელოდებიან, თუმცა პროცესი ამ დრომდე არ დაწყებულა.
ბეჟან გუნავა და ირაკლი კაკაბაძე ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები. მათ სამართალდამცველები წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან, რაც სასჯელის სახით 30 დღით თავისუფლების აღკვეთას ან ჯარიმას გულისხმობს.