„ახალგაზრდული ცენტრის" იურისტი დავით ჩიხელიძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მოღვაწეობას „რეპორტიორთან" საუბარში აფასებს:
„ახალგაზრდული ცენტრის" სახელით გვსურს გაწეული სამუშაოსათვის მადლობა გადავუხადოთ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს!
ნაყოფიერი იყო მისი მოღვაწეობა, მიუხედავად იმისა რომ მან პოსტზე მცირე დრო დაჰყო. მისმა განცხადებამ, რომელიც გადადგომის წინ გააკეთა, ქართული პოლიტიკა თვისობრივად ახალ ეტაპზე აიყვანა, გაჩნდა განცდა რომ საქართველოში გაიზარდა პოლიტიკური კულტურა. მის გამოსვლაში ჯეროვანი როლი დაეთმო ოჯახს, რომელიც მნიშვნელოვანია ნებისმიერი ადამიანისათვის. სამწუხაროდ, მსგავსი შინაარსის განცხადებების გაკეთებისას ოჯახს იშვიათად ახსენებენ პოლიტიკოსები.
ამას გარდა, სხვა ქართველი პოლიტიკოსების გამოსვლებისგან განსხვავებით, არ იყო ოპონენტების ლანძღვა და გაუთავებელი საუბარი იმ წარმატებებზე, რომელსაც საქართველომ, მისი მმართველობის დროს მიაღწია. მისი გამოსვლა, ნამდვილად იყო ახალი სიტყვა ქართულ პოლიტიკაში. გვაქვს იმედი, რომ მის მიერ დამკვიდრებულ მაღალ სტანდარტს შეინარჩუნებენ ქართველი პოლიტიკოსები", - აცხადებს ჩიხელიძე „რეპორტიორთან" საუბრისას.
მოამზადა სალომე ჯანდიერმა