მოკლული გურამ შარაძის შვილი რუსუდან შარაძე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ ლევან მურუსიძის არჩევასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც გთავაზობთ:
„იწერება, რომ მურუსიძე ხელისუფლებას არ აურჩევია, საბჭოს წევრებმა აირჩიესო. გასაგებია, მაგრამ ჩვენ ვის მოვთხოვოთ პასუხი, ჩინეთის ხელისუფლებას? ვინაა პასუხისმგებელი იმაზე, რომ ეს კაცისმკვლელები დღემდე ვერ აღკვეთეს?
მურუსიძის არჩევით, მთელ ქართველ ხალხს თავზე გადაგვიარეს, არათუ დახოცილებს, ჩვენც, ცოცხლებსაც. ხალხი არ ვიყოთ, ეს თუ ვინმეს შევარჩინოთ, ვინც არ უნდა იყოს!
სად ხართ სანდრო გირგვლიანის სახელით თანამდებობებს მომხტარო პოლიტიკოსებო და „გულღია" ბიჭებო, კარგია თბილი სკამები? სად ხართ და უმრავლესობა აქ ხართ, ჩემს ფრენდებში. იღონეთ რამე, სანამ იმ 10 მოსამართლესთან და მურუსიძესთან ერთად, თქვენც გამოგათრიეთ მაგ კაბინეტებიდან.
ვის სისხლზე ხართ მოსულები, არ დაგავიწყდეთ და ვინ რისი გამკეთებლები ვართ, არც ის დაივიწყოთ!", - წერს რუსუდან შარაძე.
მოამზადა სალომე ჯანდიერმა