„მურუსიძის არჩევა არის სრული შოკი!", - აცხადებს ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრი დათო ლორთქიფანიძე „რეპორტიორთან" საუბრისას. დეპუტატი მურუსიძეს წინა ხელისუფლების რეჟიმის ყველაზე „კაშკაშა ვარსკვლავს" უწოდებს.
„გაოგნებული ვარ ამ გადაწყვეტილებით, რაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო. აღშფოთებული ვარ იმ მხარდამჭერებით, რომლებიც ჩვენი ხელისუფლების მოსვლის შემდგომ იქნენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარდგენილნი და მხარდაჭერილი პარლმენტის მიერ.
წინა ხელისუფლების რეჟიმის, რომელსაც პროკურატურა და სასამართლო ქმნიდა, ყველაზე „კაშკაშა ვარსკვლავი" იყო მურუსიძე. მისი სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ არჩევა არის სრული შოკი. სამართლებრივად არ ვიცი როგორ უნდა მოხდეს, რომ ამ ადამიანებმა იუსტიციის უმაღლესი საბჭო დატოვონ, მაგრამ ვფიქრობ, მათ თავად უნდა მიიღონ ეს გადაწყვეტილება.
მე დეპუტატი ვარ და ხალხთან ყოველდღიური შეხება მაქვს. აქედან გამომდინარე, ვიცი საზოგადოების განწყობა კოლექტიური „მურუსიძეებისადმი". საზოგადოების მხარდაჭერით მოსული ხელისუფლება ამ გადაწყვეტილების გამო არ უნდა დადგეს საზოგადოების დარტყმის წინაშე " - განაცხადა ლორთქიფანიძემ.