reportiori.ge - „ხალხი ბრძენია, მომთმენი, რასაც გაფრთხილება სჭირდება“, - დავით ოქიტაშვილის მიმართვა საზოგადოებას
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 18:16
საზოგადოება
„ხალხი ბრძენია, მომთმენი, რასაც გაფრთხილება სჭირდება“, - დავით ოქიტაშვილის მიმართვა საზოგადოებას
ავტორი:
25 დეკემბერი, 2015. 18:55


საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი საქართველოს მოსახლეობას საახალწლო მიმართვას უგზავნის, რომელსაც „რეპორტიორი" გთავაზობთ: 

 

"სულ ცოტაც და ევროპელები ვხვდებით - ვამბობდით, ვოცნებობდით, ისტორიულ არგუმენტებს ვიშველიებდით, ვიღწვოდით, ვითმენდით და გამოვიდა! გილოცავთ!

 

ვულოცავ ჩემი ქვეყნის ყველა მოქალაქეს, ვულოცავ ჩემს აფხაზ და ოს ძმებს, რომლებიც სულ მალე მიხვდებიან თუ სად უნდა იყვნენ და სად არიან. გენაცვალეთ, რუსულ ჩიხში ხართ! გამოდით, დაუბრუნდით საკუთარ კალაპოტს. თვით რუსეთმაც კი შემოგვთავაზა ამგვარი სიკეთე. ასეთი განშორების შემდეგ განა შესაძლებელი იყო ასეთი შეხვედრა? მაგრამ, შესაძლებელი ყოფილა. ასეა, ვერცერთი ქვეყანა, არა მარტო ჩვენ, თვით რუსეთიც კი ვერ ახერხებს სხვათა ურთიერთობებისაგან ჩაკეტილ სივრცეში ყოფნას. მოკლედ მთასთან მისული მუჰამედისა არ იყოს, ისღა დაგვრჩენია შევძახოთ „სეზამ გააღე!" და ყოველნაირად გვეშველება, თუმცა „სეზამი" მგონი თავად არ გააღებს თუ აქედან არ მივაწექით. ახლა გზაზე ნამდვილად ვდგავართ, გზის ბოლოს თეორიულად მაინც ვიცით რა გველოდება. მერე რა, თუ ეს გზა ჯერ კიდევ ოღროჩოღროა, ძნელად სავალი და ბევრი წვალება გველის, სანამ „გატკბილდებოდეს".

 

მას შემდეგ რაც გავიტანეთ დემოკრატიული ლელო, ჩავაბარეთ კოჰაბიტაციური გამოცდები, დამნაშავეების უმნიშვნელო ნაწილს მივუჩინეთ ადგილი „კოჰაბიტაციურ" გისოსებს მიღმა, ლაგამამოდებული პირი გავაღეთ, კალამიც გავათავისუფლეთ - შვებისა და მითუფრო ბედნიერების განცდა მაინც დაგვიძვირდა. ჰაერში შემართული „მჯიღები" გაგვიშეშდა, ღიმილი სახეზე შეგვახმა, რადგან ვერ მოვერიეთ, ბოლომდე ვერ ამოვძირკვეთ ის ბოროტება, რომელმაც თავმოყვარეობა შეგვილახა, შეურაცხყოფა მოგვაყენა, გადაყლაპულმა შეურაცხყოფამ კი ბოღმა იცის, ბოღმამ კი ამოხეთქვა და ცუდი დროის დადგომა. ამას ისიც ართულებს, რომ ისინი გამოცოცხლდნენ მოკლედ „აპატიეს მელასაო, მოუმატა კბენასაო" ნუთუ არ გვესმის, რომ „ნაციონალები" ამ კბენით ჩვენს სულს კვლავ ჯიჯგნიან... მთავრობისა და „ნაციონალების" დაპირისპირებით ტრაგიკომიკურმა სურათებმა კი დაღალა ხალხი... დაღლილი კაცი კი მორალს პრობლემებს უქმნის. ადამინებმა სასწორის პინაზე ორივე მოათავსეს და ლამის ერთმანეთს გაუთანაბრონ. ამის დაშვება არ შეიძლება, ამ პრობლემას გადაჭრა სჭირდება... თავად სიტყვა „გადაჭრა" ჭრას, წყვეტას გულისხმობს, თორემ ხელუხლებლად დარჩენილმა პრობლემებმა დაგროვებაც იცის და სტიქიური ამოხეთქვაც.

 

უნდა გამოვტყდეთ, პრობლემები ჯერ კიდევ თავზე საყრელად გვაქვს და დროც არ ითმენს, ისტორია სულ ჩქარობს - ასეთია ისტორიის ლოგიკა. საბედნიეროდ, მტყუან-მართლის ამწონავიც ხალხია. ნათქვამია: „სასწორის სისწორე ამწონველზე ჰკიდიაო". ჩემი ხალხი ბრძენია, მომთმენი, მოსიყვარულე და ამ სიყვარულს გაფრთხილება სჭირდება.

 

დღეს მსოფლიოც თითქოს ჩაიკეტა, დავიწროვდა, ყველა პრობლემა მსოფლიოს პრობლემად იქცა... და მაინც, „შიში ვერ იხსნის..." პირიქით, ხსნა მოქმედებაშია, სიყვარულშია, იმედშია.

 

 

ჩემი სამოქმედო ასპარეზი კვლავ კულტურის სფეროა (ზეპოლიტიკური). ყველასათვის სასურველი, ყველასათვის სულის მომთქმელი... მის დიდებულ კარებთან ყველამ უნდა დატოვოს: უსიამოვნებანი, მტრობა, ფაქტები, პასუხები, ტკივილები, სიძულვილი და მოექცეს მისი უდიდებულესობის ნიჭიერების ტყვეობაში.

 

გასულმა წელმა ცხადყო, რომ მე და ჩემს მეგობრებს დღესასწაულს გადაჩვეული ხალხისათვის დღესასწაულის მოწყობა შეგვიძლია.

 

 

აღარ ჩამოვთვლი იმ პატარ-პატარა თუ დიდ სიხარულებს, რაც ხალხს მივანიჭეთ. ჩემი უმთავრესი ოცნებაა, ყველა იმ პროექტის განხორციელება შევძლო, რასაც ვპირდები ჩემს ხალხს და რაც მთავარია, მინდა არავინ დამრჩეს ამგვარ დღესასწაულთა მიღმა.

 

 

ახლა კი მინდა თქვენთან ერთად და რაც მთავარია, ჩვენს უწმინდესთან და უნეტარესთან ერთად, მადლობით გავისტუმრო ძველი და იმედითა და სიხარულით მივეგებოთ ახალ წელს", - აღნიშნა ოქიტაშვილმა.  


 

 

მოამზადა ნენე სტეფანიშვილმა

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016