საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ დღევანდელ კენჭისყრაზე ლევან მურუსიძის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს თავად გვენეტაძემ მიაწოდა.
„მხარი არ დავუჭირე. ის უკვე მოსამართლეა და მე არ მაქვს უფლება მისი დანიშვნის შესახებ სხვა კომენტარი გავაკეთო", - აღნიშნა გვენეტაძემ.
„საერთო სასამართლოების სისტემაში 61 ვაკანსიაზე კენჭისყრა დამთავრდა. სააპელაციო და რაიონულ საქალაქო სასამართლოებში დაინიშნა 38 მოსამართლე. მოსამართლედ დაინიშნა იუსტიციის უმაღლესი სკოლის 8 მსმენელი. 6 მოქმედი მოსამართლე და 24 ყოფილი მოსამართლე. ვაკანტური დარჩა მოსამართლის 23 თანამდებობა, რომელზეც კონკურსი 2-3 დღის განმავლობაში გამოცხადდება", - განაცხადა გვენეტაძემ.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის კენჭისყრის შედეგად, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე დაინიშნა.