ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით შექმნილი სოლიდარობის ფონდი განცხადებას ავრცელებს:
„სოლიდარობის ფონდი მადლობას უხდის ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელობის პერიოდში, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ქვეყანაში საზოგადოებრივი სოლიდარობის ეროვნული პლატფორმა შექმნა.
2014 წლის 1 ივნისს ბავშვთა საერთაშორისო დღეს გაჟღერებული ინიციატივა რეალურად იქცა იმ პლატფორმად, რომლის გარშემოც გაერთიანდა 55 000-ზე მეტი ადამიანი, 23 კერძო ორგანიზაცია, 53 სტუდენტური გაერთიანება და რომლის ამოქმედებიდან დღემდე საზოგადოების მიერ მობილიზებული იქნება 5.5 მილიონი ლარი.
უკვე მობილიზებული და პროგნოზული დონაციების გათვალისწინებით სოლიდარობის ფონდმა უკვე დაამტკიცა სიმსივნით დაავადებული 192 ბავშვისა და ახალგაზრდის მკურნალობისა და დიაგნოსტიკის დაფინანსება, რომელიც საერთო ჯამში 7 მილიონ ლარს აჭარბებს. ათი ათასობით ადამიანის მხარდაჭერით 94 ბავშვისა და ახალგაზრდის დიაგნოსტიკა და მკურნალობა საქართველოში დაფინანსდა, ხოლო 98 შემთხვევაში როგორც საქართველოში ასევე გერმანიის, ესპანეთის, თურქეთის, იაპონიის, ისრაელის, იტალიისა და საფრანგეთის კლინიკებში.
ჩვენ ბოლო ერთი წლის მანძილზე უამრავი ოჯახის ისტორიას გავეცანით და ვიცით, რომ საზღვარგარეთ დაფინანსების შემთხვევებში ბავშვების მკურნალობის ხარჯებს ოჯახები საცხოვრებლის გაყიდვის შემთხვევაშიც ვერ შეძლებდნენ. ამდენად რეალურად სოლიდარობის ფონდმა არამხოლოდ უდიდესი მხარდაჭერა გაუწია ოჯახებს, არამედ ხშირ შემთხვევაში ისინი გაღარიბებას გადაარჩინა...
ერთი წლის განმავლობაში ჩვენ სამწუხაროდ არაერთი ტრაგედიაც გამოვიარეთ სიმსივნით დაავადებულ ბავშვებთან და მათ მშობლებთან ერთად... და ამ ვერაგ დაავადებასთან ბრძოლის დროს დამარცხებებიც გარდაუვალია... მაგრამ ყველაზე მძიმე ტრაგედიების შემდეგაც კი ბავშვების მშობლების გულისშემძვრელი მადლობის სიტყვები მიგვიღია... რომ მშობლებს არ დარჩენიათ გულისტკივილი რომ უსახრობის გამო ბავშვს ვერ ჩაუტარდა მკურნალობა... და ეს მხოლოდ იმ ათი ათასობით ადამიანის დამსახურებაა, რომელიც ეროვნული სოლიდარობის ფონდის გარშემო გაერთიანდა.
2015 წელი გამორჩეული იყო ასევე ფონდის საერთაშორისო თანამშრომლობების გაძლიერების კუთხით. საქართველოს სოლიდარობის ფონდი საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ბაზაზე მოქმედ ინოვაციური დაფინანსების გლობალურ სამდივნოში გაერთიანდა, რაც უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია ფონდის საერთაშორისო ასპარეზზე წამოსაჩენად.
15-18 დეკემბერს კი საქართველოს სოლიდარობის ფონდის ინიციტივით თბილისის მერიასთან, გაეროს სააგენტოებთან, პარიზის სამდივნოსთან და ასევე საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით გაიმართა თბილისის პირველი საერთაშორისო ფორუმი (TISIFF 2015).
სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების პირველ საერთაშორისო ფორუმს ორი უმაღლესი რანგის ოფიციალური პირი ესწრებოდა - გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ბ-ნი ფილიპ დუსტე ბლაზი და გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ბ-ნი იანიკ გლემარეკი.
ბ-ნმა დუსტე-ბლაზიმ და ბ-მა გლემარეკმა უაღრესად დადებითი შეფასება მისცეს პრემიერ მინისტრის ინიციატივით შექმნილი სოლიდარობის ფონდის საქმიანობას და საქართველოს მაგალითი დაასახელეს უნიკალურ ინიციატივად, რომელიც აქტიურად ჩაერთვება ინოვაციური დაფინანსების გლობალურ დიალოგში.
ამოქმედებიდან დღემდე როგორც საქართველოშო, ასევე საერთაშორისო მასშტაბით მოღვაწე მუსიკოსებმა თორმეტი საქველმოქმედო ღონისძიება მიუძღვნეს საქართველოს სოლიდარობის ფონდის საქმიანობას, რაც უმნიშვნელოვანი იყო ფონდის საქმიანობის პოპულარიზაციისათვის. სულ რამოდენიმე დღის წინ - 16 დეკემბერს - იუნესკოს ელჩის, მსოფლიოში ცნობილი ქართველი პაინისტის ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო საღამოს უმასპინძლა რუსთაველის თეატრმა.
დღეს კი - 25 დეკემბერს - ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრი ვახტანგ კახიძის ხელმძღვანელობით უკვე ტრადიციად ქცეულ საქველმოქმედო კონცერტს გამართავს საქართველოს სოლიდარობის ფონდის მხარდასაჭერად.
დღევანდელი საქველმოქმედო საღამო უაღრესად სიმბოლური აღმოჩნდა, რომ 2014 წელს პრემიერ მინისტრის ინიციატივით შექმნილი ფონდი აგრძელებს საქმიანობას ქართულ საზოგადოებასთან ერთად.
საქართველოს სოლიდარობის ფონდის ისტორია უკვე შექმნილია, რომელმაც თავად შექმნა არაერთი სიცოცხლის ისტორია... მადლობა თითოეულ ადამიანს, რომელთა მონაწილოებითაც ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა.
სოლიდარობის ფონდის მთელი გუნდის სახელით და ასევე 192 ბავშვის, მათი მშობლებისა და ოჯახების სახელით, რომელთაც სოლიდარობის ფონდი უწევს მხარდაჭერას - განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ბატონ ირაკლის და სამომავლოდ უდიდეს წარმატებებს ვუსურვებთ", - ნათქვამია განცხადებაში.