რუბრიკა: თბილი სახლი
რუბრიკა „თბილი სახლის" მასპინძელია ასოციაცია „ანიკა". ცენტრი 1997 წელს დაარსდა. ასოციაციის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების საზოგადოებაში ინტეგრაცია; საზოგადოებრივი და საგანმანათლებლო ცნობიერების ამაღლება, პროფესიული განათლების და დასაქმების ხელშეწყობა, მათთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა.
მშობლების ჩართვა და მონაწილეობა მათი შვილების ცხოვრების საგანმანათლებო და იურიდიულ ასპექტებში.
კარი შევაღე თუ არა, მაშინვე ჩემკენ გამოიქცნენ, ერთმანეთს შეჰყვიროდნენ, მოვიდაო... ყველა ერთად შეკრებილიყო, როგორც ჩანს, განსაკუთრებულად ელოდებოდნენ სტუმარს. სიხარულით შემომეგებნენ, ჩამეხუტნენ, ზოგიერთი მორცხვობდა და მზერას მარიდებდა, დიდი ჟრიამული სუფევდა. ასე უხარიათ „ანიკაში" სტუმრის მისვლა, იქ ხომ განსაკუთრებული მასპინძლები გველიან. ბავშვებმა სიმღერაში რეპეტიცია დაიწყეს, დრო ვიხელთე, იმის გასაგებად თუ რა საახალწლო ღონისძიება იგეგმება „ანიკაში... „რეპორტიორს" ასოციაცია „ანიკას" ადმინისტრაციული მენეჯერი მაია ჯულაღიძე გაესაუბრა.
მაია ჯულაღიძე: - ასოციაცია ტრადიციული წინასაახალწლო სამზადისშია. უპირველესად, ეს შიდა ღონისძიებით გამოიხატება. ამის გარდა, ქალაქ თბილისის ბავშვთა ორგანიზაციები ზრუნავენ ბავშვებზე, რათა მათ ახალი წელი გაუხალისონ, ქალაქის მერიაც ხელს გვიწყობს. ბოტანიკურმა ბაღმა სპეციალურად ჩვენი ბავშვებისთვის მოაწყო ღონისძიება. გაიმართა თეატრალური წარმოდგენა „ჯადოსნური ქუდი", ილუზიონისტის შოუ, კონცერტი და მონაწილეთა ფოტოსესია ბოტანიკური ბაღის ულამაზეს ადგილებში. სანტა კლაუსმა და ფიფქიამ ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გადასცეს.
საახალწლო ღონისძიების ჩატარება ქალაქ თბილისის მერიის, შპს „მილკო ფუდის" და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი.
25 დეკემბერს, ასე ვთქვათ, შიდა ზეიმი გვექნება, დაესწრებიან, მშობლები, მეგობრები და ახლობლები. ბავშვები მღერიან, ლექსებს კითხულობენ... 4 იანვარს კი 18 წლამდე ბავშვები მიწვეულნი არიან პრეზიდენტის ნაძვის ხეზე. ასევე „ბი-ფი საქართველო" ყოველ წელიწადს, დეკემბერში, საქველმოქმედო გამოფენას გვიწყობს, სოციალური პასუხისმგებლობის ღონისძიებაა. „ბი-ფის" თანამშრომლები ჩვენი ბავშვების ნამუშევრებს ყიდულობენ.
ბავშვები თვითონ ძალიან მონდომებულები არიან და მოუთმენლად ელიან ყოველივეს, რაზეც ვისაუბრე.
გადავინაცვლეთ იმ ოთახში სადაც „ანიკას" შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები დაგეგმილი ზეიმისთვის სიმღერაში რეპეტიციას გადიოდნენ. მანამდე კი სპეც-პედაგოგი სოფია ჩხაიძე გაგვესაუბრა.
სოფია ჩხაიძე: - როგორც იცით, 25 დეკემბერს საახალწლო ღონისძიებას ვგეგმავთ და ახლა ბავშვები სწორედ ამ ზეიმისთვის ემზადებიან. ეს სამზადისი ძალიან ახარებთ და მოუთმენლად ელიან ახალი წლის დადგომას.
შესვენების დროს მუსთერაპიის პედაგოგი ინგა ნაბახტეველიც გაგვესაუბრა.
ინგა ნაბახტეველი: - ვისაც ამ ბავშვებთან ახლო ურთიერთობა აქვს ყველამ იცის, რომ ისინი საინტერესო ადამიანები არიან. დიდ სიყვარულს დაატარებენ და ბოლომდე გულწრფელები არიან. ახალი წელი მათთვის დიდი ემოციებითა და განცდებით აღსავსე დღესასწაულია, რომელსაც განსაკუთრებული მოლოდინი ახლავს თან. მათ ძალიან კარგად იციან, რა სურთ და რას უსურვებენ ერთმანეთს ახალ წელს. ჩვენი შრომით როგორც შევძელით, ვცდილობთ, მაქსიმალურად გავაბედნიეროთ ისინი. ჩემთვის, როგორც პედაგოგისთვის, მთავარია, რომ ამ ადამიანებმა სიამოვნება მიიღონ და იგრძნონ, რომ ახალი წელი მათთვის ახალი იმედისა და ბედნიერი დღეების წელი იქნება. როგორც სხვაგან ხდება, რომ განსაკუთრებულად და აკადემიურად ემზადებიან - რამე არ შეგვეშალოსო და ა.შ... ჩვენთან ასე არაა, შეიძლება კიდეც შეგვეშალოს, კიდეც გავასწოროთ, მაგრამ ჩვენთვის მთავარია, რომ ძალიან გულწრფელები, ემოციურად დატვირთულები ვიქნებით.
რაც შეეხება რეპერტუარს, სიმღერები მხოლოდ ახალ წელზე არ იქნება, ქართულის გარდა გვექნება უცხოური სიმღერებიც. პედაგოგებიც ძალიან მონდომებულები ვმუშაობთ, რომ ლამაზი ღონისძიება გამოვიდეს.
„რეპორტიორს" 12 წლის თორნიკეს მშობელი თავისი ნება-სურვილით გაესაუბრა, რათა მშობლების სახელით მადლობა გადაეხადა ასოციაცია „ანიკასთვის".
- თითქმის სამი წელია, რაც ამ ცენტრში დავდივართ. „ანიკას" მთელი კოლექტივი თითოეული ბავშვის მიმართ განსაკუთრებულად მოსიყვარულეა. ჩემს შვილს ძალიან უყვარს აქ მოსვლა, აქ თავს ბედნიერად გრძნობს, და თავის სითბოსა და სიყვარულს გამოხატავს. რადგან საშუალება მომეცა, მინდა, „ანიკას" მთლიან კოლექტივს უდიდესი მადლობა გადავუხადო ასეთი მზრუნველობისთვის. ამ ბავშვებისთვის არანაირი შეზღუდვა არ არის, აქ ყველაფერს აკეთებენ, რომ ბავშვები ასიამოვნონ და საზოგადოების სრულფასოვან წევრებად იგრძნონ თავი. ასევე მინდა მშობლების სახელით დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, რადგან საშუალება მოგვეცა, მადლიერება ასე საჯაროდ გამომეხატა. კარგად მოგეხსენებათ, როგორია ჩვენი მდგომარეობა, ამიტომ, როგორიც არიან ეს ბავშვები, საზოგადოება ისეთს თუ მიიღებს, ჩვენთვის დიდი ბედნიერება იქნება. ამ ცენტრში სითბო და სიყვარული არ გვაკლია. თვითონ მშობლებიც უკვე ოჯახის წევრებივით ვართ ერთმანეთთან. როცა წასვლის დრო დგება, ჩემი ბიჭი მეუბნება, კიდევ ცოტა ხანს დავრჩეთო, იმდენად დიდ პოზიტივს იღებს, სახლში დადებითი ემოციებით სავსე ბრუნდება და მერე სულ კარგ ხასიათზეა. თვითონ ბავშვებიც ერთმანეთის მიმართ დიდ სიყვარულსა და მზრუნველობას გამოხატავენ. აქ ოჯახია, სადაც სიყვარული სუფევს...
შემდეგ კი სწორედ 12 წლის თორნიკეს გავესაუბრეთ, ძალიან საყვარელი და ენერგიული ბიჭია. დიდი მონდომებით წაგვიკითხა ლექსი და საახალწლო მისალოცი მონოლოგი. შემდეგ ახალი წელიც მოგვილოცა.
- გილოცავთ ყველას დამდეგ ახალ წელს, გისურვებთ ყოველივე კარგსა და ღვთის წყალობას.
შემდეგ „ანიკაზე" დაიწყო საუბარი, თუ როგორ მოსწონს ამ გარემოში ყოფნა.
- ძალიან მიყვარს „ანიკაში" მოსვლა, რადგან აქ ყველა გახარებულია, ასევე მუსიკის გაკვეთილი მომწონს. ყველა ბავშვთან კარგი ურთიერთობა მაქვს და ყველა ძალიან მიყვარს.
სხვებიც გაგვესაუბრნენ...
ალეკო 31 წლის: - განსაკუთრებულად და უდიდესი სიხარულით ველოდებით ახალი წლის ღონისძიებას. ყველანი აქტიურად ვართ ჩართული ამ სამზადისში. ერთმანეთი ძალიან გვიყვარს. ყველას გილოცავთ ახალ წელს, მინდა, რომ ყველა ძალიან ბედნიერი იყოს.
თაკო 27 წლის: - ამ ზეიმზე ლექსები უნდა წავიკითხო, ტექსტებსაც წარმოვთქვამ და ვიმღერებ კიდეც. მიყვარს ახალი წელი, ამ დროს ყველა გახარებულია... გილოცავთ!