სრულიად საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის პირადი შემადგენლობა ყოველდღიურ საქმიანობაში გამოჩენილი გმირობისა და გაჭირვებაში მყოფი ადამიანების უანგარო დახმარებისთვის წმინდა გიორგის ლეგიონის საპატიო წოდებით დააჯილდოვა.
კათოლიკოს-პატრიარქმა დავით წინასწარმეტყველის შესახებ ისაუბრა. "მინდა ყურადღება შევაჩერო დავით წინასწარმეტყველზე, რომელიც არის საქართველოს სიმბოლო. დავით წინასწარმეტყველი შეებრძოლა გოლიათს, რომლის ძალა ყველაფრით აღემატებოდა მისას, მაგრამ დაამარცხა იგი. ჩვენ რომ გადავხედოთ ჩვენს ცხოვრებას, მთელი ჩვენი ქვეყნის ცხოვრება აღსავსეა ამ ბრძოლებით და ხშირია შემთხვევები, როცა გოლიათისნაირი მტერი გვესეოდა და ჩვენ ძალა ღვთისა გვაძლევდა გამარჯვების შესაძლებლობას.
ჩვენ შევთხოვთ უფალს მომავალშიც დაგვიფაროს და დაგვიცვას ყოველი ხილული თუ უხილავი მტრისგან", - აღნიშნა პატრიარქმა. მან ასევე ისაუბრა შობა-ახალი წლის მოახლოებაზეც. "ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ღირსი გაგვხადა კიდევ სიცოცხლისა და კეთილდღეობისა", - ბრძანა უწმინდესმა.
დღევანდელი საკვირაო ქადაგების შემდეგ, მისმა უწმინდესობამ ასევე რამდენიმე ფოლკლორული ანსამბლი და თბილისის ზღვაზე მშენებარე მწვანე ქალაქის თანამშრომლები დალოცა.