„წელს, საქართველოში ჩამოსული ვიზიტორების რაოდენობამ 5 800 000-ს მიაღწია", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი კვირიკაშვილმა ბაკურიანში, განახლებული კოხტას გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა. მისივე თქმით, ეს არის 7%-იანი ზრდა იმ პირობებში, როდესაც ირგვლივ არასახარბიელო ეკონომიკური სიტუაციაა.
„სამთო მიმართულება არის და იქნება ჩვენი მთავრობის განსაკუთრებული ზრუნვის საგანი. წელს, პირველად მოხერხდა, რომ დეკემბრის დასაწყისში, სეზონი გაიხსნა. მათ შორის, გუდაურში გათოვლიანების სისტემა შარშან დავამონტაჟეთ. ამ მიმართულებას უდიდესი ყურადღება მიექცევა. კოხტასთან არის დაკავშირებული ჩვენი ბავშვობის ყველაზე ტკბილი მოგონებები - თხილამურებზე ფეხი აქ ავიდგით. ჩვენი მომავალი თაობა კიდევ ამ სათხილამურო ტრასებზე გაიზრდება და ჯანმრთელობას გაიმყარებს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანიამ ბაკურიანში განახლებული კოხტა გახსნა. კოხტას მთაზე ახალი საბაგირო გაკეთდა შუალედური სადგურით. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს პრემიერობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა, ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, და მთავრობის სხვა წარმომადგენლებმა.