სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, საპროცედურო საკითხთა და წესების, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა, რომ 14-დან 21 წლამდე ასაკის მსჯავრდებულებისთვის ცალკე დაწესებულება აშენდება.
„იგეგმება და უკვე არის პროექტი 14-დან 21 წლამდე ასაკის მსჯავრდებულებისათვის ცალკე დაწესებულების ასაშენებლად. იმიტომ, რომ საჭიროა მსჯავრდებულების ფილტრაცია. კონკრეტულად ერთი დღე ბიოლოგიურად არაფერს ცვლის ადამიანების ცხოვრებაში. 14-დან 18 წლამდე ადამიანი იმყოფება არასრულწლოვანთა რეაბილიტაციის დაწესებულებაში და 18+1 დღე და უნდა გადავიდეს სხვა დაწესებულებაში, ეს, რა თქმა უნდა, ვერ შეუწყობს ხელს მსჯავრდებულების რესოციალიზაციას, ამიტომ ჩვენ დაგეგმილი გვაქვს 14-დან 21 წლამდე ასაკის მსჯავრდებულთათვის ცალკე დაწესებულების აშენება, სადაც ამ ასაკის ადმიანებს მიეცემა საშუალება უფრო აქტიურად ჩაერთონ რესოციალიზაციის საკითხებში", - განაცხადა კახა კახიშვილმა.