სამარის ოლქის ქალაქ ჟიგულევსკში თავი მოიკლა 18 წლის ვლად კოლესნიკოვმა. ამ ყმაწვილის სახელი 2015 წლის ივნისის შემდეგ გახდა ცნობილი, როდესაც მეცადინეობებზე გამოცხადდა უკრაინის დროშით მოხატული მაისურით, რომელზეც ეწერა: „დააბრუნეთ ყირიმი!", ამასთან, პოდოლსკში, სადაც სწავლობდა, ანტისაომარი ლოზუნგი გამოფინა.
ამ ინციდენტის შემდეგ ვლადი ტექნიკუმიდან გარიცხეს. მისი პერსონით სპეცსამსახურები დაინტერესდნენ: პოლიციელები მოდიოდნენ და კითხულობდნენ, საიდან მოიტანა მაისური. პუტინის მომხრე ბაბუამ, მამასთან გაისტუმრა ჟიგულევსკში.
რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ვლადმა თქვა:
„სამხედრო კომისარიატში ვუთხარი: არ მინდა ჩემი ძმების წინააღმდეგ ბრძოლა-მეთქი. ტელეფონზე უკრაინის ჰიმნი მაქვს ჩაწერილი. კომისარიატის შენობაში რომ შევედი, ჩავრთე და გამოვაცხადე: „ძმებო! მე რუსეთის არმიაში არ ვიმსახურებ!"
ვლადის ისტორია საქვეყნოდ გახდა ცნობილი, მასზე წერდნენ როგორც რუსულ, ისე დასავლეთის მედიაში. მიჰყავდა პოპულარული ბლოგი და წერდა „Facebook"-ის ოპოზიციურ ჯგუფში. თუმცა ჟიგულევსკში ვლადმა ნათესავებთან საერთო ენა ვერ გამოძებნა, არც ადგილობრივი ახალგაზრდები უჭერდნენ მხარს: „ადამიანებთან ურთიერთობა საშინელია - უკვე შემპირდნენ რომ მცემენ, მესვრიან ტალახის გუნდებს, შეურაცხყოფას მაყენებენ, ერთმა სახეშიც მითავაზა (საბედნიეროდ, მსუბუქად). პოლიციას ვერ მივმართავ, გასაგებად მითხრეს, არ დაგეხმარებითო, ის კი არა ჩვენც სიამოვნებით მიგბეგვავდითო. ჟიგულევსკში ყველაფერი შეიძლება მომივიდეს. ვეძებ სად გავემგზავრო", - მისწერა ნოემბერში რადიო თავისუფლების კორესპონდენტს.
25 დეკემბერს ვლად კოლესნიკოვმა წამლების სასიკვდილო დოზა მიიღო. როგორც პოლიციაში განაცხადეს, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
თარგმნა თამაზ ჩიქვანაიამ