თურქეთთან მიმართებაში სპეციალური ეკონომიკური ზომების შესახებ განკარგულებას ვლადიმირ პუტინმა ხელი უკვე მოაწერა. ახალი სანქციების თანახმად, რუსეთის ტერიტორიაზე სამუშაოების შესრულება აეკრძალებათ იმ ორგანიზაციებს, რომლებსაც თურქეთის მოქალაქეები ან თურქეთის იურისდიქციის ქვეშ მყოფი კომპანიები აკონტროლებენ.
ამას გარდა, პირველ დეკემბერს რუსეთის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, 2016 წლის პირველი იანვრიდან აიკრძალება რუსეთის ტერიტორიაზე თურქული ხილ-ბოსტნეულის, ასევე ხორცპროდუქტების შეტანა. ასევე, პირველი იანვრიდან აიკრძალება თურქეთში ტურების გაყიდვა და ჩარტერული რეისების განხორციელება, დაწესდება სავიზო რეჟიმი.
შეგახსენებთ, რუსეთმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც თურქულმა ავიაციამ რუსული ბომბდამშენი "სუ-24" ჩამოაგდო.
მოამზადა სალომე ჯანდიერმა