დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძე „რეპორტიორთან" საუბრისას 2015 წელი აფასებს. ბრეგაძე ამბობს, რომ ქვეყანამ დიდი დოზით წაიწია წინ, თუმცა 25 წლის ნანგრევ ქვეყანას 2 და 3 წელიწადში ვერ ააშენებენ.
„2015 წლის შეფასება მხოლო დადებითი შეიძლება იყოს. რაც ამ წლის განმავლობაში გააკეთა ჩვენმა ხელისუფლებამ, ანალოგიური რამ სააკაშვილის ხელისუფლების დროს, 9 წლის განმავლობაში არ გაკეთებულა. ხშირ შემთხვევაში ეს საქმეები წარმოჩენილი არ იყო, მაგრამ ინფრასტრუქტურული განვითარების მხრივ ძალიან დიდი პროგრესია მთელს ქვეყანაში - გზები, ჯანდაცვის სისტემა, სადაც რამდენიმე წელია ხორციელდება უპრეცენდენტო პროექტები, რომლებმაც სერიოზული გავლენა იქონია ჯანდაცვის სისტემის განვითარებაზე.
ამავე დროს ღარიბაშვილის ხელისუფლების მთავარ მონაპოვრად ვთვლი იმას, რომ ქვეყანაში 100% დაცულია ადამიანის უფლებები და დემოკრატიის კუთხით ქვეყანამ დიდი დოზით წაიწია წინ. ასევე საგარეო პოლიტიკაში მიღწეული შედეგები, ასოცირების ხელშეკრულება, ვიზალიბერალიზაცია, წარმატებული პოლიტიკა ჩვენს მეზობლებთან, რამაც შედეგად გამოიღო ის, რომ ეკონომიკური კავშირი და ურთიერთობები ბევრად გაღრმავდება.
მთლიანობაში მთავრობის მუშაობის წელი შეიძლება დადებითად შეფასდეს, თუმცა უნდა ვაღიაროთ იდეალურობისგან ჩვენ ჯერ შორს ვართ და ამის გამოსასწორებლად ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაოთ, 25 წლის განმავლობაში ნანგრევ ქვეყანას 2 და 3 წელიწადში ვერ ავაშენებთ" - ამბობს სანდრო ბრეგაძე.