30 დეკემბერს, სასტუმრო, "თბილისი მარიოტში" საქართველოში ყველაზე მასშტაბური სასკოლო მათემატიკური ოლიმპიადის, „ევერესტის" გამარჯვებულებს დააჯილდოვებენ.
ფინალისტებს შორის არიან აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსწავლეები, რომლებიც ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად უამრავი დაბრკოლების მიუხედავად, დეფაქტო საზღვარს ლახავენ.
„ევერესტის" შემოდგომა-ზამთრის სეზონი საქართველოს თითქმის ყველა დიდ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში, თელავში, გურჯაანში, გორში, საჩხერეში, სენაკში, ლანჩხუთსა და ახალციხეში ჩატარდა.
ამასთან, უკვე მესამე სეზონია, რაც მონაწილეებს შორის მოსწავლეები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან, გალის რაიონიდან არიან. წინა წლების მსგავსად, წელს, კონკურსში მონაწილეთა რაოდენობამ 30 000-ს გადააჭარბა. ამდენად, „ევერესტი" მონაწილეთა რაოდენობის მიხედვით ყველაზე მასშტაბური ოლიმპიადის ტიტულს კვლავ ინარჩუნებს.
დაჯილდოების ცერემონიაზე, წახალისების და მოტივაციის გაზრდის მიზნით, ოლიმპიადის მე-13 საიუბილეო სეზონის გამარჯვებული მოსწავლეები, წარმატებული მასწავლებლები, სკოლები და გამოვლინდებიან ყველაზე ნიჭიერი ბავშვები განსაკუთრებული პრიზებით დაჯილდოვდებიან.
შეგახსენებთ, რომ „ევერესტი" მოზარდებში განათლების დონის ამაღლების, სწავლის მოტივაციის გაზრდისა და მათი წახალისების მიზნით, 2009 წლიდან ატარებს სასკოლო მათემატიკურ ოლიმპიადას, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ოლიმპიადაში მონაწილეობენ საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები მეორედან მეექვსე კლასის ჩათვლით.
ცნობისათვის, მონაწილეობა სრულიად უფასოა სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი ბავშვებისათვის. ოლიმპიადის ძირითად მიზანს მოზარდებში სწავლის მოტივაციის გაზრდა, არასტანდარტულ ამოცანებსა და მათი ამოხსნის მეთოდების შესწავლა, ტესტური დავალების შესრულებისა და საკონკურსო გარემოში მუშაობის გამოცდილება წარმოადგენს.
„ევერესტის" გამარჯვებულების დაჯილდოების ღონისძიება 14:30 საათზე დაიწყება.