საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას შეწყალებასთან დაკავშირებით ხელმომწერ საზოგადოების წარმომადგენლებს განცხადებით მიმართავს:
„პატივცემულო ხელმომწერებო,
მივიღე თქვენს მიერ შედგენილი მიმართვა გიგი უგულავას შეწყალების თაობაზე.
ჩემთვის ფასეულია მოქალაქე, რომელიც საზოგადოების ცხოვრებაში აქტიურადაა ჩართული. განსაკუთრებით ღირებულია თქვენი პოზიცია, იმ ადამიანებისა, რომლებიც სხვადასხვა სფეროში ჩვენი საზოგადოების გამორჩეული წევრები ბრძანდებით. გასაგებია თქვენი ემოცია პატიმრობაში მყოფი ადამიანის მიმართ. მსგავსი ემოცია ბევრჯერ გვქონია ჩვენი მიმტევებლური ბუნებიდან გამომდინარე. ამასთან ერთად, შეწყალების მექანიზმი არ ანაცვლებს არც სამართალწარმოებას, არც გამოძიებას და არ ემსახურება პოლიტიკურ მიზანშეწონილობას. შეწყალება კონსტიტუციური მოვალეობაა, რომელიც მაღალ მორალურ და სახელმწიფოებრივ პასუხისმგებლობას მაკისრებს.
ამ, არსით ჰუმანური აქტის განხორციელებისას, არ ვიღებ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც რომელიმე მსჯავდებულს პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩავაყენებ. ვერ მივიღებ გადაწყვეტილებას, რომელმაც შესაძლოა საზოგადოებაში გააჩინოს მსგავსი დანაშაულების მიმართ ზედმეტი ლოიალობის შეგრძნება.
აქედან გამომდინარე ვერ გავიზიარებ თქვენს მიმართვაში დაფიქსირებულ მოთხოვნას.
პატივისცემით,
გიორგი მარგველაშვილი", - ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის საპასუხო წერილში.
შეგახსენებთ, საზოგადოების წარმომადგენლების ნაწილმა საქართველოს პრეზიდენტს თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას შეწყალების თხოვნით მიმართა. საქართველოს რეფორმების ასოციაციის თანათავმჯდომარე ელენე ხოშტარიამ პრეზიდენტის სახელზე მიმართვა დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჩააბარა.
მიმართვას ხელს აწერენ: გიორგი ხოშტარია, ნანი ბრეგვაძე, მანანა დოიჯაშვილი, ზურაბ კიკნაძე, გელა ჩარკვიანი, ნინო სუხიშვილი, ილიკო სუხიშვილი, ზაალ კოკაია, მალხაზ სონღულაშვილი, რუსუდან გოცირიძე, ლაშა ბუღაძე, დათო ტურაშვილი, დათო საყვარელიძე, რატი ამაღლობელი, ქეთი ხუციშვილი, თამარ გურჩიანი, თამარ (თათა) ცოფურაშვილი, თიკო ცომაია, ნინო ევგენიძე, ბაია პატარაია, ნინია კაკაბაძე, ელენე ხოშტარია, ნინო დანელია, ნინო კიკნაძე, გიორგი მაისურაძე, ზაალ ანდრონიკაშვილი, ნუნუ დუღაშვილი, ნუნუ გაბუნია, მარიკო კვალიაშვილი, მაყვალა გონაშვილი, ოლეგ ხუბაშვილი, გია ნოდია, ირინა პოპიაშვილი, ნინო ზამბახიძე, ეკა მამალაძე, ნიკა მემანიშვილი, დავით დოიაშვილი, ნინო კირთაძე, გუგა კოტეტიშვილი, მაცაცო სეფისკვერაძე, ბაკურ სულაკაური, გოგი-ალექსი მესხიშვილი, თამარ ჩხეიძე, ლია ლორია, ნიკო ცეცხლაძე, ოლეგ ტიმჩენკო, მიხეილ შენგელია, ეთერი ჭკადუა, ლევან ადამია, ნინია ახვლედიანი, ეთერ (ბაია) გადაბაძე, ლაშა ბაქრაძე, ინგა გრიგოლია, ნინო ჟიჟილაშვილი, რეზი არველაძე, არჩილ არველაძე, შოთა არველაძე.