ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის განცხადებით, არ სჯერა, რომ ამერიკელმა სპეცრაზმელებმა „ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერი თარხან ბათირაშვილი ერაყში დააკავეს. კადიროვის თქმით, მისი ხალხი კვლავ აგრძელებს მუშაობას ბათირაშვილის ლიკვიდირების მიზნით.
„ჩვენც ვიყავით დარწმუნებული, რომ ის გავანადგურეთ. ჩემი ადამიანები თავზე ედგნენ, ის კი თითქოს მკვდარი იწვა. ფოტოსურათი გადაიღეს და გამომიგზავნეს. თურმე გადარჩა. ესე იგი ასე იყო საჭირო. მაგრამ არ მჯერა, რომ ის დააკავეს და არც იმას დავიჯერებ რომ მკვდარია, სანამ ამის რაიმე ეჭვი იქნება.
ბათირაშვილს ცუდი დასასრული ელოდება. ჩვენი ადამიანიც ჩქარობდა, როცა მისი დაღუპვის შესახებ შეგვატყობინა. თუმცა ჩემი ხალხი მუშაობას აგრძელებს. შიშანთან ჩემი ანგარიშები მაქვს", - განაცხადა რამზან კადიროვმა.
თარხან ბათირაშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია გუშინ რუსულმა მედიამ გაავრცელა, თუმცა მოგვიანებით პენტაგონმა აღნიშნული უარყო.