საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანმა წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უნდა წავიდეს.
„არ გამოვრიცხავ, რომ საჩივარი მოვამზადო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ. ეს უკავშირდება გარკვეულ შეურაცხყოფას, რომელსაც როგორც ჩემი, ასევე, სხვა მოსამართლეების მიმართ აქვს ადგილი და რომელზეც რეაგირებას არ ახდენს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე.
ვერ ვხედავ ვერანაირ განვითარებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარის პირობებში. საბჭოც და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეც უნდა წავიდეს", - განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.
მისი თქმით, იგი არ აპირებს იოლად წავიდეს სისტემიდან. ახვლედიანის განცხადებით, სისტემის დასაცავად ბოლომდე იბრძოლებს.
„არასწორად შერჩეულმა საბჭომ და მოსამართლეების არასწორად დანიშვნებმა არაერთი პრობლემა გააჩინა, რომელიც თუ უახლოეს პერიოდში არ გამოსწორდება, 20-25 წლის განმავლობაში ქვეყანას ექნება დამღა", - განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.
მოამზადა ნათია ცუხიშვილმა