ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტზე ბრალდებული პოლიციელი ლაშა კვირკაია სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. შს სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილების უფროსს აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობა 10-ათას ლარიანი გირაოთი შეეცვალა.
კომენტარი სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებაზე გააკეთა დაზარალებულის ადვოკატმა გიორგი მდინარაძემ, რომელიც იმედოვნებს, რომ ბრალდებული დროებით იმყოფება თავისუფლებაში.
გიორგი მდინარაძე აცხადებს, რომ იგი ელოდება სასამართლოს ობიექტურ განაჩენს, რომლის მიხედვითაც, კვირკაიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება.
მცირე კომენტარი გააკეთა ბრალდებულმაც. ლაშა კვირკვაიას თქმით, დღეს დამტკიცდა, რომ სასამართლო მიუკერძოებელია.
მისი ადვოკატის, ზურაბ ბელთაძის თქმით კი, გირაოს შეფარდების საფუძვლად დაცვის მხარემ დაასახელა ის გარემოება, რომ აღარ არსებობს მტკიცებულებათა განადგურებისა და მოწმეებზე ზეგავლენის საფრთხე, რადგანაც გამოძიება უკვე დასრულებულია და მტკიცებულებები - გაცვლილი.
ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის საქმეზე არსებითი განხილვა 2015 წლის 11 იანვარს დაიწყება. აღნიშნულ ფაქტზე ბრალდებული შს სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილების უფროსი ლაშა კვირკვაია დაახლოებით ერთი თვის წინ დააკავეს.
მომხდართან დაკავშირებით პროკურატურამ ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო.