იაშვილის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ და კლინიკის დირექტორმა შოთა ჯოგლიძემ პრესკონფერენცია გამართეს და ბოლო პერიოდში საზოგადოებაში კლინიკის მიმართ გამოვლენილი აგრესიის შესახებ ისაუბრეს.
ივანე ჩხაიძის თქმით, იაშვილის ბავშვთა კლინიკა საქართველოში პაციენტებს მეოთხე დონის სერვისს სთავაზობს, რაც ნიშნავს, რომ ყველა რთული პაციენტის მკურნალობა მათ კლინიკაში ხდება.შოთა ჯოგლიძის განცხადებით კი, კლინიკაში ბავშვთა სიკვდილიანობა წელიწადში 1,5 %-ია.
ამას გარდა, პრესკონფერენციაზე აღინიშნა, რომ ლიმფობლასტური ლეიკემიით გარდაცვლილი ბუკა ნიკურაძის სადავო შემთხვევას იტალიის პადუას საუნივერსიტეტო კლინიკის ექსპერტები შეისწავლიან. კლინიკის ხელმძღვანელობამ საუბრისას აღნიშნა, რომ დასკვნა მომავალი წლის იანვრის ბოლოს გამოქვეყნდება. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბუკა ნიკურაძის გარდაცვალების მიზეზი იაშვილის კლინიკის ექიმის არასწორი დასკვნა გახდა.
კლინიკის ხელმძღვანელების განცხადებით, ისინი ითვალისწინებენ საზოგადოების გარკვეული ნაწილის ინტერესს, ბოლო დროს განვითარებული მოვლენების მიმართ და მიიღეს გადაწყვეტილება უცხოელ დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ გადამოწმდეს კლინიკაში დაფიქსირებული სადავო შემთხვევები.
პრესკონფერენციაზე ითქვა, რომ 15-20 იანვარს საქართველოში იტალიის ექსპერტთა ჯგუფი ჩამოვა, მათ შორის, პადუას საუნივერსიტეტო კლინიკის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის პედიატრიული ონკოჰემატოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ასევე ონკოჰემატოლოგიური ლაბორატორიული სერვისის უფროსი.
ამას გარდა, კლინიკის ხელმძღვანელობამ საზოგადოებას მიმართა, ნუ გააკეთებენ წინასწარ აგრესიულ და უარყოფით დასკვნებს და დაელოდონ აღნიშნული კვლევის შედეგების დასრულებას, რომელსაც ისინი საზოგადოებას გააცნობენ.