„ახალგაზრდა ადვოკატებმა" 2015 წლის საქმიანობა შეჯამეს და სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული საჯარო უწყებები, პარტნიორები და ჟურნალისტები დააჯილდოვეს.
წლის ღონისძიებაზე ორგანიზაციამ ის ადამიანები და უწყებები დააჯილდოვა, რომლებთანაც „ახალგაზრდა ადვოკატებს" თანამშრომლობა აკავშირებდა.
ნომინაციაში „ღია საზოგადოების მხარდამჭერი" ჯილდო საინფორმაციო სააგენტო „პირWელმა" მიიღო.
„ჩვენთვის დიდი პატივია ამ ნომინაციაში გამარჯვება. ამით კიდევ ერთხელ დასტურება, რომ ჩვენი სააგენტო მუდმივად საზოგადოების ინტერესებიდან გამომდიარე მუშაობს. ჩვენ დიდიხანია ვთანამშრომლობთ ახალგაზრდა იურისტებთან და მათთან ერთად მუშაობას მომავალშიც განვაგრძობთ", - განაცხადა საინფორმაციო სააგენტო „პირWელის" ხელმძღვანელმა, დიმიტრი ტიკარაძემ.
ნომინაციაში „თავისუფალი სიტყვის დამცველი - 2015" აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის, ჟურნალისტი ლელა გოგოლაძე დაჯილდოვდა.
"მნიშვნელოვანია მსგავსი ღონისძიებები. ეს არის ჩვენი საქმე და პროფესიული მოვალეობა, რომ ვემსახუროთ თავისუფალ სიტყვას, მაგრამ მსგავსი ღონისძიებები უფრო მეტად ახალისებს ადამიანს და მეტ სტიმულს გაძლევს იმისთვის, რომ უფრო კარგად გააკეთო შენი საქმე", - განაცხადა ლელა გოგოლაძემ.