საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანი მიროტაძე „რეპორტიორთან" საუბრისას პრემიერ-მინისტრად გიორგი კვირიკაშვილის დანიშვნას აფასებს და დარწმუნებულია, რომ ახალ პრემიერს ისევე როგორც მთავრობის თითოეულ წევრს, კარგად აქვს გააზრებული - შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯების გადადგმა სწრაფად და ეფექტურად უნდა მოხდეს.
მიროტაძის თქმითვე, მათ ნდობა გამოუცხადეს მთავრობას, იმისათვის, რომ გამოწვევები რომელიც ქვეყანაშია, როგორც შიდა ისე გარე მიმართულებით, რაც შეიძლება სწრაფად აღსრულდეს. უმრავლესობის წევრი მიიჩნევს, რომ გუნდის ჩართულობითა და რესურსის სრულად გამოყენების შემთხვევაში ეს შესაძლებელი იქნება.
„სამართლიანად უნდა ითქვას, რომ ჩვენ ბევრი რეფორმა დავიწყეთ რომლებიც ორიენტირებული იყო ადამიანების უფლბებზე, მათ ჯანდაცვაზე, განათლების მიღებაზე და ა.შ...
ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი რეფორმები განვახორციელეთ, მაგრამ ჩვენი ხელისუფლებისთვის მთავარ გამოწვევად ეკონომიკური სირთულეები დარჩა, სოციალურად მძიმე მდგომარეობა...
გიორგი კვირიკაშვილმა ითხოვა მანდატი, ჩვენ გამოვიტანეთ ეს მანდატი და დანარჩენი მათ ეფექტურ და სწორად დაგეგმილ პოლიტიკაზეა დამოკიდებული.
ის, რომ შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯების გადადგმა სწრაფად და ეფექტურად შეუძლია ამაში ეჭვი არ მეპარება, ამის რესურსი კი მას აქვს. რამდენად შეძლებს პრემიერი ამ გუნდთან ერთად განხორციელებას, ამაზე მან პასუხისმგებლობა აიღო. ვინაიდან მან იგივე გუნდი წარმოადგინა რა გუნდითაც მუშაობდა სხვადასხვა სტრუქტურის ხელმძღვანელობის დროს, ჩვენ ნდობის მანდატი გამოვუტანეთ, დავუჯერეთ და მან უკეთ იცის თითოეული მათგანი რა რესურსის მატარებელია, რომლებთანაც სამი წლის განმავლობაში მუშაობდა.
მე პირადად წარმატებებს ვუსურვებ და დაველოდები პირველ შედეგებს. აუცილებლად კრიტიკული ვიქნები თუ მივხვდები, რომ გარკვეული დროის შემდეგ ყველაფერი ისე არ არის, როგორც უნდა იყოს. მოცდის დრო აღარ არის. კიდევ ერთხელ ვამბობ ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ, ძალიან ბევრ გამოწვევას გავუძელით, მოკლე დროში გვქონდა ბევრი მიმართულებით კარგი შედეგები, მაგრამ მთავარ გამოწვევად ამ ქვეყნისთვის ეკონომიკური სირთულეები და სოციალური სიდუხჭირე რჩება, რომელიც თითოეული ადამიანის მდგომარეობაზე აისახება. კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ შედეგები არ იქნება, ამაზე აუცილებლად ვისაუბრებ, ამ ეტაპზე არანაირი მიზეზი არ მაქვს, ვთქვა, რომ რაღაცაში ეჭვი მეპარება,"-აცხადებს მიროტაძე.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ასევე აღნიშნა, რომ ზოგადად მთავრობაში ცვლილებები აუცილებელია, ეს არის ჯანსაღი პროცესი და ამას მტკივნეულად არავინ უნდა აღიქვამდეს. ხელისუფლებაში მუდამ უნდა ხდებოდეს ახალი რესურსის ჩართვა.
„მთავრობაში ცვლილებები აუცილებელია, ახალი სისხლის შემოდინება არის ჯანსაღი პროცესი და ეს ტრაგედია ნამდვილად არ არის. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ქვყენის მთავრობა და ხელისუფლება ცოცხალი ორგანიზმია, რაც ნიშნავს იმას, რომ მუდმივად უნდა ხდებოდეს იქ ცოცხალი ორგანიზმისა და ახალი რესურსის ჩართვა. თუ რომელიმე მინისტრი არ პასუხობს იმ გამოწვევებს კონკრეტულ მოცემულ სიტუაციაში, რა თქმა უნდა, ის უნდა შეიცვალოს შედარებით რესურსული პირით და ეს ძალიან ბუნებრივი პროცესია. თუ გიორგი კვირიკაშვილს რომელიღაც სტრუქტურის მისამართით გარკვეული შენიშვნები აქვს, კითხვები და თვლის, რომ დაკისრებულ ფუნქციას ვერ ასრულებს, რასაკვირველია, მან უდნა მიიღოს გადაწყვეტილება. ვისურვებდი, რომ საკუთარი რესურსი ყველამ სრულად გამოიყენოს. ხელისუფლებაში ყოფნა პრივილეგიების გარდა დიდ პასუხისმგებლობას მოიცავს," -აღნიშნა ანი მიროტაძემ