თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი უერთდება სტუდენტების მიერ დაგეგმილ აქციას "აჩუქე წიგნი პატიმარს" და საგამომცემლო საქმიანობისა და კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების ფარგლებში გამოცემულ წიგნებს გადასცემს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს.
თბილისის მერიისგან სასჯელაღსრულების დაწესებულების მსჯავრდებულები 150-მდე წიგნს მიიღებენ, რომელთა შორისაა ელიზაბეტ კენდელის „ბალანჩინი და მისი დაკარგული მუზა", ნოდარ გურაბანიძის „რეჟისორი - გიზო ჟორდანია", ლერი ალიმონაკი „ელიაზარის დაბრუნება", სანდრო მრევლიშვილი „პიესები", ალექსანდრე გაბელაია „ხოგაის მინდი", თენგიზ უთმელიძე „სუხიშვილები - რომანტიკული ფოტომატიანე", რევაზ მიშველაძის ოთხტომეული. ასევე, „თბილისი ფოტოს" და აღმოსავლეთ პარტნიორობის საოჯახო ფოტოალბომები და ნუგზარ მეძმარიაშვილისა და თამაზ ვარვარიძის ნახატების კატალოგები.