ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მერაბ ჭანუყვაძის გადაწყვეტილებით 2016 წლიდან ხელფასები მოემატება საბავშვო ბაღების 274 თანამშრომელს.
ამისთვის წლის ბიუჯეტში 133 000 ლარია გათვალისწინებული. დღეს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ა(ა)ი.პ. „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრში" საბავშვო ბაღებისთვის საახალწლოდ შეძენლი საჩუქრები ცენტრის დირექტორთან ერთად დაათვალიერა.
საახალწლოდ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოქმედ 34 საბავშვო ბაღს 23 000 ლარის ღირებულების საახალწლო საჩუქარი გადაეცემა. ტკბილეული და სათამაშოები 1 600 ბავშვზე გადანაწილდება.
„მუნიციპალიტეტის მთავარი პრიორიტეტი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები და ბავშვთა უსაფრთხოებაა. მომავალი წლიდან გავზრდით პედაგოგების ხელფასებს. სიახლეები იქნება კვების მენიუშიც. ახალი წლიდან ბაღები ეკოლოგიურად სუფთა, დაბეჭდილი წყლით მომარაგდებიან, მაქსიმალურად იქნება დაცული სანიტარული ნორმები. სრულდება სამი ახალი ულტრათანამედროვე საბავშვო ბაღის მშენებლობა. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას," - აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა.
2015 წელს კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდა 12 საბავშვო ბაღს. მიმდინარე წელს სკოლამდელი დაწესებულებებისთვის მუნიციპალტეტმა 24 300 ლარის ღირებულების ავეჯი, 6 000 ლარის ღირებულების სამზარეულოს ინვენტარი, ასევე, მეთოდური სახელმძღვანელოები და საბავშვო ლიტერატურა შეიძინა. 11 საბავშვო ბაღი მომარაგდა 3 900 ლარის ღირებულების გაზქურით. რამდენიმე საბავშვო ბაღს მუსიკალური ინსტრუმენტები გადაეცა.