ყოფილი პარლამენტის წევრი ხათუნა ხოფერია პრემიერ-მინისტრად გიორგი კვირიკაშვილის დანიშვნას აფასებს და „რეპორტიორთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ საქართველოში დამკვიდრდა პრემიერ-მინისტრებისა და მთავრობის უმტკივნეულო შეცვლა. ყოფილი პარლმანეტარი ამ საკითხს დადებითად აფასებს და მიიჩნევს, რომ ასეთი გადაწყვეტილებები საკმაოდ ჯანსაღი და მშვიდი პროცესია, რაც მისასალმებელია.
„გიორგი კვირიკაშვილს ვიცნობ, ჩემი დეპუტატობის დროს პარლამენტში ერთად ვიყავით, გიორგიც დეპუტატი იყო და უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან ჭკვიანი ადამიანი და თავის საქმის პროფესიონალია. რაც მთავარია მას პოპულიზმი არ ახასიათებს. ვერავინ გაიხსენებს მისი მხრიდან რაიმე გამოხტომებს ან ხელოვნურად სიტუაციის დაძაბვას. გიორგი ყოველთვის იმ ვიწრო სფეროში მოღვაწეობდა, რომელიც მას ევალა პარლამენტში და თავის საქმეს ძალიან კარგად აკეთებდა. მისი პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე ვფიქრობ, ამ ეტაპზე პრემიერ-მინისტრობისთვის მისაღებია.
2016 წლის არჩევნებისთვის მას ხშირად მოუწევს თოკზე გავლა, რადგან ეს არ იქნება იოლი არჩევნები. მოგეხსენებათ, ბევრი ახალი პარტია იქმნება, ასევე ძალიან გააქტიურებული არიან ძველი პარტიებიც, რა თქმა უნდა, მასზე დასავლეთიდან, სხვა მეზობელი სახელმწიფოებისგან იქნება ზეწოლაც, თუმცა ვფიქრობ, მას სერიოზული პოლიტიკური სკოლა აქვს გავლილი, ღირსეულად სხვათაშორის და ვფიქრობ, რომ ამ გამოწვევებს თავს გაართმევს. მინდა მას პირადად მივულოცო დამდეგი 2016 წელი და ალბათ, მის პირად და ასევე ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე გარდამტეხი წელი იქნება. მისი პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე მგონია, რომ ყველაფერი კარგად იქნება", - განაცხადა ხათუნა ხოფერიამ.