„ჩვენ გვქონდა კონსულტაციები", - აცხადებს ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერის პოსტიდან გადადგომაზე საუბრისას. როგორც ივანიშვილმა „20/30"-ის ეთერში განაცხადა, მას და ირაკლი ღარიბაშვილს ერთნაირი შეხედულებები ჰქონდათ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება თავად ღარიბაშვილმა მიიღო. ბიძინა ივანიშვილი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით კმაყოფილია და აქვე ექს-პრემიერს საჯაროდ უხდის მადლობას მისი გაკეთებული საქმეების გამო.
„რა თქმა უნდა, ჩვენ გვქონდა კონსულტაციები. გუნდის ძალიან ბევრი წევრი იყო დაბნეული, რამეთუ არ იყვნენ ინფორმირებულნი. მე და ირაკლის გვქონდა რამდენიმე შეხვედრა ამ საკითხთან დაკავშირებით. გვქონდა ერთნაირი შეხედულებები. დროსთან დაკავშირებით გვქონდა განსხვავებული აზრები. ირაკლიმ იჩქარა. შეიძლებოდა ცოტა გვიან მომხდარიყო ეს. შესაბამისად, ამიტომ ვერ მოხდა ინფორმირება გუნდის ყველა წევრის.
ოპონენტები ცდილობენ, რომ ეს ყველაფერი მე მომაწერონ, მაგრამ ეს ასე არაა. მე და ირაკლის გვქონდა და მომავალსიც გვექნება პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური ურთიერთობა. რჩევები ადრეც იყო და მომავალშიც იქნება. რჩევები რჩევებად რჩებოდა ხოლმე ძალიან ხშირად. გადაწყვეტილება მიიღო ირაკლი ღარიბაშვილმა. ეს იყო მისი გადაწყვეტილება. რჩევები და კონსულტაციები ძალიან ბევრ თემებზე გვქონია და ირაკლი აკეთებდა ისე, როგორც მას სურდა საბოლოოდ. არავითარი ბერკეტი არ გამაჩნდა, რომ მეიძულებინა. ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ვარ მისი გადაწყვეტილებით. საჯაროდ მინდა მას დიდი მადლობა გადავუხადო იმისთვის, რაც მან პოლიტიკაში ჩვენი მოსვლის პირველივე დღიდან გააკეთა. ის ბოლომდე დაიხარჯა", - განაცხადა ივანიშვილმა.