საქართველოს ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ გიორგი კვირიკაშვილისა და მისი გუნდისთვის უმთავრესი ამოცანა და გამოწვევა ეკონომიკური განვითარება იქნება. ამის შესახებ ივანიშვილმა „20/30"-ის ეთერში საუბრისას განაცხადა და აქვე დასძინა, რომ დემოკრატიული ღირებულებები ცალკე აღებული "გამოკიდებული" იქნება ეკონომიკის განვითარების გარეშე.
„ახალი პრემიერისთვის უმთავრესი ამოცანა იქნება ის, რომ კურსი, რომელიც აირჩია ახალმა გუნდმა, ჭეშმარიტი დემოკრატიული ღირებულებების დაფუძნება და არა ის, რომ ყალბი და მოჩვენებითი, როგორც ეს ჰქონდა "ნაციონალურ მოძრაობას", გააღრმაოს წინსვლა ევროპისკენ. ძირითადი გამოწვევა ჩვენ დროსაც და ახლაც და კვირიკაშვილის შემდგომაც, ვარწმუნებ საზოგადოებას, დარჩება ეკონომიკა. რამეთუ ჩვენ მოკლე დროში მოვახერხეთ და ძირითადი ღირებულებები ლამის ევროპას დავუახლოვეთ, ეკონომიკა ასე სწრაფად ვერ განვითარდება.
დემოკრატიული ღირებულებები, რომელსაც ასე აფასებს მთელი ევროპა, ცივილიზებული სამყარო და საქართველო, ძალიან გამოკიდებულია ეკონომიკის გარეშე.
სანამ თითოეული ოჯახი ვერ იქნება წარმატებული, იქნება დასაქმების პრობლემა ისეთი ღრმა, როგორიც დღეს არის საქართველოში, დემოკრატიული ღირებულებები გამოკიდებულად დარჩება, თუ ამას ფუნდამენტი არ შეექმნა და ეკონომიკური აღმავლობა არ დაიწყო", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.