საქართველოს ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ სასამართლო ხელისუფლებაზე ზეგავლენის მოსაპოვებლად ბრძოლა მიმდინარეობს, თუმცა აქ მთავრობის ინტერესები არ იკვეთება. ამის შესახებ ივანიშვილმა „20/30"-ში საუბრისას განაცხადა და აქვე დასძინა, რომ მურუსიძის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ არჩევასთან დაკავშირებით თავად "ქართული ოცნების" წევრებს შორის განსხვავებული პოზიციებია.
„ახლა უნდათ "ქართულ ოცნებას" მიაწერონ, თითქოს მას აქვს სასამართლოზე ზეგავლენის მოხდენის სურვილი, თუმცა კარგად იკვეთება გამონათქვამებში, რომ "ქართული ოცნების" წევრები საპირისპირო განცხადებებს აკეთებენ. ზოგიერთი აჭარბებს და ერევა სასამართლოს უფლებებში, უფრო მეტი ნაწილი ახსენებს საზოგადოებას, რომ ეს არ არის მათი უფლება და რომ სასამართლო არის დამოუკიდებელი. რაღაც ნაწილი მხოლოდ კრიტიკასაც ახერხებს, რომ მურუსიძე დაინიშნა, თუმცა იქვე მიანიშნებენ, რომ ეს არის სასამართლოს გადასაწყვეტი. აი აქ ვარ მეც. არაფერი კატასტროფა არ მომხდარა რეალურად. მურუსიძე 3 წელიწადია მდივანი სასამართლოსი და არაფერი კატასტროფა არ გვინახავს. თუმცა გირგვლიანთან ასოცირება, ყველაზე მძიმე თემა საქართველოს ისტორიაში და "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის ისტორიაში, რა თქმა უნდა ლამაზი არ არის და ამის გარეშე სჯობდა რომ ყოფილიყო.
მაგრამ მივანიშნებ, რომ სასამართლოს გადასაწყვეტია და იმ გუნდმა, რომელსაც წარმოადგენს დღეს სასამართლო, უნდა გადაწყვიტოს შიგნით და არა გარედან. მე ან მთავრობის ნებისმიერმა წევრმა გარედან ვუკარნახიოთ - ეს არის დაუშვებელი", - განაცხადა ივანიშვილმა.
ივანიშვილის განცხადებით, სწორედ ეს დაარღვია პრეზიდენტმა და მისგან ეს პროცესი მართულია. აქვე ექსპრემიერმა ირინა ენუქიძის დაჯილდოების მაგალითიც მოიყვანა. "ირინა ენუქიძე ყველანაირ დაჯილდოებას იმსახურებს, თუმცა ის რა დროშიც გაკეთდა და როგორც გაკეთდა, სპექტაკლის ნაწილი იყო", - აღნიშნა ივანიშვილმა.
ყოფილი პრემიერი მიიჩნევს, რომ იმ რეჟიმს, ვინც ირინა ენუქიძე "დასაჯა", მარგველაშვილმა სურვილი აუსრულა.
„მარგველაშვილმა არ მოხსნა გრიფი "საიდუმლო" სააკაშვილის გამოძიებას და პროკურატურას სამჯერ უთხრა უარი გრიფის მოხსნაზე. გარდა ამისა პრეზიდენტის სასახლეში შესვლა, რომელზეც ოცნებობდა სააკაშვილი, რომ არ დარჩენილიყო ცარიელი, აუსრულა სურვილი და ახლა ეს კაცი გამოდის და იმ სისტემას, ვინც გირგვლიანი მოკლა და დასაჯა ქალბატონი ენუქიძე, ეს იყო სააკაშვილი და ის რეჟიმი, იმ რეჟიმთან დამოკიდებულებაში ნახეთ პრეზიდენტის პოზიცია და ის გუნდიც, ვინც პრეზიდენტის ამ პოზიციას მხარს უჭერს, ნახეთ როგორ ეთამაშებოდა "ნაციონალებს", - აღნიშნა ივანიშვილმა.