„პრინციპული გარდატეხა მოვახდინეთ და ევროპული ფასეულობების დაფუძნება მოვახერხეთ", - ამის შესახებ საქართველოს ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი გადაცემა „20/30"-ში საუბრისას აცხადებს და აღნიშნავს, რომ ეს იყო დღევანდელი ხელისუფლების ძირითადი გამოწვევა, რომელსაც მან თავი წარმატებით გაართვა. ივანიშვილის თქმით, მმართველმა გუნდმა არჩეულ გზას არ უნდა გადაუხვიოს.
„2013, 2014 და 2015 წელს ჩვენი გუნდის ძირითადი გამოწვევა გახლდათ ის, რომ უნდა მოგვეხერხებინა და ევროპული გზა აგვერჩია, ღირებულებებით. ძალიან საინტერესოა, რომ ხელი მოვაწერეთ ასოცირების ხელშეკრულებას, ძალიან საინტერესოა, რომ მივიღეთ ვიზა-ლიბერალიზაცია და ვაღრმავებთ ამ პროცესებს, ძალიან საინტერესოა „აბრეშუმის გზა", ძალიან საინტერესოა, რომ ირანთან გველის საუკეთესო პროცესები და კიდევ ბევრი სხვა. მაგრამ, მთავარი გამოწვევა რაც ჩვენ მოვახერხეთ, არის ის, რომ პრინციპული გარდატეხა მოვახდინეთ და ევროპული ფასეულობების დაფუძნება მოვახერხეთ. ეს უნდა გაგრძელდეს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.