ქართველი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი იპოლიტე ხვიჩია 1910 წლის 31 დეკემბერს, სოფელი კონტუათში, ახლანდელი ხონის მუნიციპალიტეტში დაიბადა.
1934 წელს დაამთავრა თბილისის სამრეწველო-ეკონომიური ტექნიკუმი. 1932-1936 წლებში იყო წულუკიძისა და გეგეჭკორის რაიონული თეატრების მსახიობი. ასრულებდა ძირითადად კომედიურ როლებს: ქუჩარა და ხარიტონი (პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი", "კოლმეურნის ქორწინება"), ტრუფალდინო და მარკიზი ფორლიპოპოლი (კ. გოლდონის "ორი ბატონის მსახური", "სასტუმროს დიასახლისი"), ნაცარქექია (გ. ნახუცრიშვილისა და ბ. გამრეკელის "ნაცარქექია"), კოხტაია (ა. ცაგარელის "რაც გინახავს ვეღარ ნახავ!") და სხვა.
1961-1966 წლებში შ. რუსთაველის სახელობის თეატრის სცენაზე შეასრულა შაქროსა (ო. მამფორიას "მეტეხის ჩრდილში") და სპირიდონის (ნ. აზიანის "უკანასკნელი მასკარადი") როლები.
1956 წლიდან იღებენ კინოში. როლები: ალმასხანი ("საბუდარელი ჭაბუკი", 1957), იპოლიტე ნემსაძე ("მანანა", 1958), კუჭკუჭი ("ბურთი და მოედანი"), ქორიძე ("თხუნელა", 1962), მელიტონი ("თოჯინები იცინიან", 1963), სანდრო ("არ იდარდო!"), ბონდო დოლაბერიძე ("ფეოლა", 1970), იპოლიტე ("მხიარული რომანი", 1972), ვარლამი ("პირველი მერცხალი", 1975), კაჟა ბულავა ("დათა თუთაშხია") და სხვა.
გამოდიოდა ესტრადაზე. მისი შემოქმედება მაყურებელს ხიბლავდა თავისი უბრალოებითა და ბუნებრიობით.
იპოლიტე ხვიჩია 1985 წლის 1 თებერვალს, თბილისში გარდაიცვალა. დაკრძალულია საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.