ბათუმში გალა-კონცერტისთვის მზადება მიმდინარეობს. უხვი ნალექის გამო ტექნიკური სამუშაოები გახანგრძლივდა, რეპეტიციებმაც დახურულ სივრცეში გადაინაცვლა. კონცერტი დაგეგმილ დროს ერას მოედანზე 22:00 საათზე გაიმართება.
კონცერტს გახსნის ბავშვთა ანსამბლი, რომელიც ქართულ ფოლკლორულ ცეკვას დადგამს ორკესტრისა და კაპელას მიერ შესრულებულ ჰენდელის კომპოზიციაზე.
აღსანიშნავია, რომ ცნობილი კლარნეტისტი გიორა ფაიდმანი, ქართულ ორკესტრთან და კაპელასთან ერთად შეასრულებს ქართულ კომპოზიციებს: „ინდი-მინდი", „საჭიდაო" და „სულიკო". ქართული და უცხოური კლასიკური მუსიკის ფონზე მოციგურავეები, ტანმოვარჯიშეები, საბალეტო დასი და ფოლკლორული ანსამბლები საახალწლო ნომრებს შეასრულებენ. დღესვე შესრულდება ასტორ პიაცოლას ცნობილი ტანგო, ასევე სოფო ხალვაში იმღერებს ცნობილ ჰიტს - „Summertime".
კლასიკური მუსიკის მოყვარულებთან ერთად კონცერტის რეჟისორი დაუვიწყარი შოუს ჰპირდება რეგის მიმდევრებსაც. ახალი წლის დადგომისას მაყურებლის წინაშე წარდგება იამაიკური ჯგუფი „Inner Circle" ცნობილი ჰიტებით. გალა-კონცერტი დილამდე გაგრძელდება. გართობის მსურველებს დილამდე შეუძლიათ ისიამოვნონ დიჯეის მიერ შეთავაზებული პროგრამით.