ახალი წლის ღამეს ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ოჯახურ გარემოში ყოფნას ამჯობინებს. ამბობს, რომ ამ ახალ წელსაც ტრადიციულად ოჯახის წევრებთან ერთად სახლში შეხვდა.
„ახალ წელს შევხვდი ოჯახში, მარხვაა და ოჯახის ყველა წევრი მარხულობს, თუმცა იშლება ტრადიციული სუფრა და მთელი ოჯახი ვატარებთ სახლში ახალ წელს და ეს წლებია ასეა. პირველი, რასაც ვაკეთებთ, მთელი ოჯახი თორმეტ საათზე აღვავლენთ ლოცვას", - განაცხადა ხაჭაპურიძემ.
ცხოვრების დატვირთული რეჟიმიდან გამომდინარე, საახალწლო სამზადისში მონაწილეობა ვერ მიიღო. თუმცა ამ პროცესში ადვოკატის ჩართულობა ფინანსური უზრუნველყოფის კუთხით გამოიხატა. „ერთადერთი, რაც ძალიან მსიამოვნებს, ეს არის ნაძვის ხის მორთვის პროცესი", - ამბობს ადვოკატი.
2016 წელს ის საქართველოს წინსვლას და განვითარებას უსურვებს.
„არ უნდა ჩავებღაუჭოთ წარსულს და წინ უნდა წავიდეთ. ასევე ვისურვებდი, ყოფილიყოს ნიჭიერების ხელის შეწყობა და ნეპოტიზმის აბსოლუტური მოსპობა. ეს ორი რამ გვიღუპავს: ნიჭიერი ადამიანების დაბლოკვა და ნეპოტიზმის ნიშნით იმ ადამიანების დაწინაურება, რომლებიც ამას არ იმსახურებენ", - ამბობს ხაჭაპურიძე „რეპორტიორთან" საუბრისას.