„ახალ წელს შევხვდი სახლში შვილთან ერთად. განწყობა ამ დღეს ყოველთვის საახალწლო მაქვს, რადგან ყოველთვის უკეთესის მოლოდინში ვარ. ვფიქრობ, რომ მომავალი წელი უკეთესი იქნება, ვიდრე წინა წელი. წელსაც ასეთი განწყობით შევხვდი ახალ წელს", - ამბობს ნანა კაკაბაძე. უფლებადამცველი საახალწლო სამზადისში აქტიურადაა ჩართული და კერძებს საახალწლო სუფრისთვის თავად ამზადებს.
„ტრადიციულად, გოზინაყს ვაკეთებ მე, ხაჭაპურსაც ვაცხობ, ვცდილობ, საახალწლო სუფრაზე ყველა კერძი გავაკეთო თავად, თუ რაღაც ვერ შევძელი, მხოლოდ მაშინ ვყიდულობ, ეს იშვიათად ხდება", - ამბობს კაკაბაძე.
მისთვის გამორჩეული ახალი წელი 1985 წელს იყო, როდესაც პოლიტპატიმრები ციხიდან გათავისუფლდნენ. „ეს იყო ძალიან ბედნიერი პერიოდი", - ამბობს კაკაბაძე.
სურს რომ 2016 წელი 100-ჯერ და 1000-ჯერ უკეთესი წელი ყოფილიყოს თითოეული ქართველისთვის, ვიდრე წინა წლები.
„მინდა, ყველა ქართველს ვუსურვო, რომ ეს წელი ბედნიერების, სიხარულის, სიყვარულის მომტანი ყოფილიყოს; ჩვენი ქვეყნისთვის ერთიანობის მომტანი, როგორც ტერიტორიულად, ისე სულიერად ერთიანი ყოფილიყოს საქართველო დამდეგ წელს. მატერიალურზე არასოდეს მიფიქრია, მთავარია ადამიანებს შორის იყოს სიყვარული და ერთობა. თუ ყველაფერს სიყვარულით მივუდგებით, ყველაფერი კარგად იქნება", - განაცხადა კაკაბაძემ "რეპორტიორთან" საუბრისას.