ბიზნესმენ ლევან ვასაძისთვის ახალი წლის შესახვედრად იდეალური გარემო საკუთარი სახლია. როგორც „რეპორტიორთან" საუბარში ბიზნესმენი ამბობს, მას შემდეგ, რაც დაოჯახდა, ახალ წელს ოჯახის წევრებთან ერთად ხვდება და იშვიათად გადის სახლიდან.
„ახალ წელს ყოველთვის ოჯახთან - ცოლ-შვილთან ერთად ვხვდები. ეს არის ჩემი სამოთხე და ჩემთვის ყველაზე სასურველი გარემო ახალი წლის შესახვედრად. ადრე, როცა ჯეელი ვიყავი, სახლებში ახალი წლის დადგომის შემდეგ მეგობრებთან ერთად სხვადასხვა ადგილებში მივდიოდით, ახლა კი, გამოგიტყდებით, ამის ილაჯი აღარ მაქვს და სახლში რომ შევხვდები ხოლმე, მერე გემრიელად ვიძინებ", - აცხადებს ვასაძე.
ახალ წელი, რომელიც არასოდეს დაავიწყდება ბიზნესმენს, ტრაგიკულ მოვლენებთან არის დაკავშირებული:
„დამამახსოვრდა ტრაგიკული ახალი წელი - 1991წლის 22 დეკემბერი - როდესაც ქართველებმა დაიწყეს ერთმანეთის ხოცვა. დილის 8 საათი იყო, მეძინა, ჩვენი სახლი პარლამენტის შენობასთან იყო... მოგვცეს საშუალება, დაგვეტოვებინა სახლები, წავედით ბებიასთან და ბაბუასთან. იყო უმძიმესი განცდა, ჩვენს თავს დატეხილი, არა მხოლოდ იმის გამო, რომ თბილისში ქართველები ერთმანეთს ხოცავდნენ, არამედ იმის გამოც, რომ წინათგრძნობა გვქონდა - წინ გველოდა საშინელი წლები. არ ვიცოდით, რომ დავკარგავდით აფხაზეთს და სამაჩაბლოს.
ეს ახალი წელი მახსოვს მწარედ, მაგრამ ტკბილადაც. მახსოვს, ბახტრიონის ქუჩაზე ბებიასთან და ბაბუასთან ერთად შევხვდით ახალ წელს, ვცდილობდით, ერთმანეთი გვენუგეშებინა... ჩვენი სახლი დაიწვა, ოჯახმა ყველაფერი დაკარგა. მერე წავედი მეგობართან დოლიძის ქუჩაზე. ბაბუაჩემს სულ ეშინოდა ჩემი გაშვება, სროლა იყო ქალაქში, ცრემლებით მეხვეწებოდა ბაბუა: დარჩი, არ წახვიდეო. რა თქმა უნდა, არ დავუჯერე და წავედი. დღემდე მწარედ ვნანობ, რომ არ დავრჩი სახლში და ბაბუა ვანერვიულე. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული", - იხსენებს ბიზნესმენი.
ბიზნესმენი საქართველოს მშვიდობას უსურვებს და ამბობს, რომ მსოფლიოში განვითარებული მოვლენების ფონზე მშვიდობა ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.
„მთავარია, მშვიდობა იყოს საქართველოში... 2016 წლისგან ველი, რომ მშვიდობა იქნება. მთავარი ესაა..." - ამბობს ვასაძე.