„ახალ 2016 წელს ვხვდები ყველაზე დიდი შენაძენით - მეორე შვილით", - ამბობს ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია. მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ოჯახში 2 ბავშვია, მშობლები მეტი მონდომებით ცდილობენ, კიდევ უფრო საინტერესო გახადონ ახალი წელი სახლის გარემოში.
„ახალი წელი გამორჩეულია, ზოგადად, საერო დღესასწაულები თითქმის არ გვაქვს, ძირითადად სასულიერო. ეს დღესასწაული გამორჩეულია მთელი თავისი რეკვიზიტებით... ბავშვობიდან მიყვარს ახალი წელი. მთელი სახლი მორთული მაქვს. პატარა ბინაში ვცხოვრობ, მაგრამ 5-6 ნაძვის ხე გვიდგას, სადაც რამე კუთხეში ადგილია თავისუფალი, ყველგან პატარა ნაძვის ხე დგას. მთელი სახლი აღკაზმულია", - ამბობს გამზარდია.
ანალიტიკოსი საახალწლო სამზადისშიც აქტიურადაა ჩართული. „ჩვენს ოჯახში როლები სტერეოტიპულად არ არის განაწილებული. მეც ვმონაწილეობ საჭმელების კეთებაში, მაგალითად, ჩემი მეუღლე თუ რეცხავს, მე ვჭრი და ასე ერთად ვინაწილებთ და ვაკეთებთ საქმეს. ასევე დავდივარ მაღაზიებში. ეს პროცესი ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის", - ამბობს გამზარდია „რეპორტიორთან" საუბრისას.
მიუხედავად იმისა, რომ გამზარდიასთვის 2015 წელი აქტიური ბრძოლების წელი იყო, ის მაინც ბედნიერი და კმაყოფილი ხვდება ახალ 2016 წელს.