ზუგდიდის რაიონის დიდი ნაწილი დიდთოვლობის გამო ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ქალაქ ზუგდიდში თოვლის საფარმა 40 სანტიმეტრს მიაღწია. ძლიერი ყინვის გამო ზუგდიდში ბუნებრივი აირის მიწოდება ერთი ღამით შეწყდა. კომპანია სოკარმა მილებისა და რედუქტორების გაყინვის გამო მოსახლეობას ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით შეუწყვიტა.
ელექტროენერგიის გარეშე არიან დარჩენილი ზუგდიდის რაიონის მაღალმთიანი სოფლები და სოფლებში კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები. ენერგო პრო ჯორჯიას ინფორმაციით, 500-ზე მეტი აბონენტი ამ დრომდე უშუქოდ რჩება. ელექტროენერგიის აღსადგენად ენერგო პრო ჯორჯიას თანამშრომლები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. მათი თქმით დენის მიწოდება ეტაპობრივად აღდგება.
ადგილობრივი ხელისუფლება გზების გაწმენდით სამუშაოებს ინტენსიურად ახორციელებს, თუმცა ზუგდიდის რაიონში ისევ თოვს და შესაბამის ტექნიკას მუშაობა უჭირს.