ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ზოგიერთი დასახელების სიგარეტის ფასის მნიშვნელოვან გაძვირებასთან თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის განაკვეთის ზრდას არანაირი პირდაპირი კავშირი არ აქვს.
უწყებაში მიიჩნევენ, რომ ფასის მატება ბაზარზე ამ სიგარეტის სახეობის მიწოდება-მოთხოვნის მოცულობის დისბალანსს უკავშირდება.
„ზოგიერთი დასახელების სიგარეტის მნიშვნელოვან გაძვირებასთან არანაირი პირდაპირი კავშირი არ აქვს თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის განაკვეთის ზრდას და ჩვენი აზრით, ის ცალსახად უკავშირდება ბაზარზე ამ სიგარეტის სახეობის მიწოდება-მოთხოვნის მოცულობის დისბალანსს", - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.
ახალი წლიდან საქართველოში ზოგიერთი დასახელების სიგარეტი საგრძნობლად გაძვირდა. როგორც სავაჭრო ჯიხურებში აცხადებენ, ფასები მნიშვნელოვნადაა მომატებული „პარლამენტზე", „მარლბოროზე", „ჩესტერფილდსა" და „ელ ემ"-ზე. საქართველოს პარლამენტმა სიგარეტსა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის განაკვეთის გაზრდასთან დაკავშირებული, საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებები მესამე მოსმენით 11 დეკემბერს დაამტკიცა.