საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, უამინდობის გამო საქართველოს საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთზე კვლავ შეზღუდვებია.
მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა ჩუმათელეთი-ბაშის მონაკვეთზე. "ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ138-კმ248 ჩუმათელეთი-ზესტაფონი-ნახშირღელე-ქუთაისის შემოსავლელი გზა-ბაშის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ძლიერი თოვის, ქარბუქის და ზვავსაშიშროების გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ37-კმ71 (ტყიბული-ამბროლაური) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.
დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია კმ37-კმ50 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, ხოლო კმ1-კმ37 და კმ50-კმ71 მონაკვეთებზე თავისუფალია.
დიდთოვლობის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ70 (ჯვარი-ხაიში) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
თოვლისა და ლიპყინულის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის არაგვისპირი-ლარსის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა მლეთა-კობის მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო არაგვისპირი-მლეთის და კობი-ლარსის მონაკვეთზე თავისუფალია. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა მთელ გზაზე თავისუფალია.
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. ამავე გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით. გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.