დღეს, 4 იანვარს სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარეს ილია მეორეს 83 წელი შეუსრულდა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ღვთისმოსავ ოჯახში დაიბადა.
1952 წელს ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლამოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო.
1957 წლის 16 აპრილს სასულიერო აკადემიის მე-2 კურსის სტუდენტი ილია მეორე საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, მელქისედეკ III-ს ლოცვა კურთხევით თბილისის წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში ბერად აღკვეცეს და მას სახელად ილია უწოდეს.
1960 წელს მოსკოვის სასულიერო აკადემია პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა.
1963 წლის 26 აგვისტოს საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, ეფრემ მეორის მიერ არქიმანდრიტი ილია ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის ეპისკოპოსად აკურთხეს, 1967 წელს კი ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად გადაიყვანეს. ორი წლის შემდეგ ილია მეორე მიტროპოლიტის ხარისხში აიყვანეს. ილია მეორემ სოხუმში 11 წელი დაჰყო.
საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, დავით მეხუთის გარდაცვალების შემდეგ, 1977 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა კათოლიკოსი ილია მეორე პატრიარქად აირჩია.
ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.
კომპოზიტორ ჯემალ სეფიაშვილის საჩუქარი პატრიარქს - დღეს, 4 იანვარს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში მუსიკალური საღამო გაიმართება. საშობაო შემოქმედებითი საღამო, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის 83-ე წლისთავის აღსანიშნავად მოეწყობა.
ღონისძიებაში მონაწილეობენ ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქოს გუნდი, გორის ქალთა კაპელა, „მეკო-სტუდიოს" ბავშვთა გუნდი, სტუდენტური თეატრი „მოდინახე". ასევე, ანსამბლები: „ქართული ხმები", „ფორტე", „თეატრალური კვარტეტი". მომღერლები მაია ჯაბუა, ეკა კვალიაშვილი, ნინო ძოწენიძე, ცისანა სეფიაშვილი, ნუცა ბუზალაძე, მამუკა ჩარკვიანი, მერაბ სეფაშვილი, თემურ თათარაშვილი, მორის ჯანაშვილი, აჩიკო ნიჟარაძე და გიორგი მეფისაშვილი.
ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს კულტურის პალატა.