ფინანასთა სამინისტროს ინფორმაციით, ზოგიერთი დასახელების სიგარეტზე ფასის მნიშვნელოვან გაძვირებასთან აქციზის ზრდას პირდაპირი კავშირი არ აქვს. სამინისტროს ინფორმაციით, აქციზზე გადასახადი პირველი იანვრიდან მხოლოდ 20 თეთრით გაიზარდა და თამბაქოს ღირებულების არაადეკვატურ გაძვირებას ვერ გამოიწვევდა.
"ზოგიერთი დასახელების სიგარეტის მნიშვნელოვან გაძვირებასთან არანაირი პირდაპირი კავშირი არ აქვს თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის განაკვეთის ზრდას და ჩვენი აზრით, ის ცალსახად უკავშირდება ბაზარზე ამ სიგარეტის სახეობის მიწოდება-მოთხოვნის მოცულობის დისბალანსს", - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.
ახალი წლიდან საქართველოში თამბაქოს ნაწარმი საგრძნობლად გაძვირდა. ფასმა იმატა შპს „ომეგა"-ს მიერ შემოტანილ პროდუქციაზე. „ომეგა"-ს თანამშრომლების განმარტებით, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი პარლამენტის, მარლბოროს, ჩესტერფილდისა და ელ ემ-ის ღირებულება, თუმცა გაძვირების მიზეზს კომპანიაში ვერ ასახელებენ.
ასევე, არსებული ინფორმაციით სავაჭრო ქსელში პროდუქციის დეფიციტი, სავარაუდოდ, „ფილიპ მორისის“ მიერ სადისტრიბუციო კომპანია „ომეგა ჯგუფთან“ თანამშრომლობის შეწყვეტამ გამოიწვია.
„შენიშვნებით მიმართეთ შ. პ. ს. "ომეგა"-ს, რომელიც ამის უკან დგას", - წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.