საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში საახალწლო ღონისძიება გაიმართა. პრეზიდენტის ნაძვის ხეზე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ დღის ცენტრებიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს და პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლების შვილებს უმასპინძლეს.
ბავშვებისთვის პრეზიდენტის სასახლეში სტუდია „ბასტი ბუბუს" ღონისძიება გაიმართა, თოვლის ბაბუამ კი მიწვეულ სტუმრებს საახალწლო საჩუქრები გადასცა.
პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ დამსწრეებს ახალი წელი მიულოცა და აღნიშნა, რომ დღეს ყველას არაჩვეულებრივი განწყობა აქვს. მისივე თქმით, დღეს ტრადიციულად პრეზიდენტის ნაძვის ხე იმართება და დღის განმავლობაში, 12:00 საათზე, 16:00 და 18:00 საათზე ტარდება ღონისძიებები.
„ბავშვებს შეუძლიათ იხალისონ „ბასტი ბუბუსთან" ერთად. ყველას გილოცავთ ახალ წელს, ბედნიერ, მშვიდობიან, კეთილ წელს გისურვებთ", - განაცხადა მაკა ჩიჩუამ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის თქმით კი, საქართველოს პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ ბავშვებისთვის ახალი წლის დღეები კიდევ უფრო ლამაზი ყოფილიყო.
„შესაბამისად, ბავშვები დავპატიჟეთ საახალწლო ნაძვის ხეზე და პრეზიდენტის სახელით მათ გადაეცემათ საჩუქრები. წელს საქართველოს პრეზიდენტმა სახელმწიფო მზურნველობის ქვეშ მყოფ ყველა ბავშვს გადასცა საჩუქრები", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.