ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში კომპოზიტორ ჯემალ სეფიაშვილის შემოქმედებითი საღამო მიმდინარეობს, რომელიც პატრიარქის 83-ე იუბილეს ეძღვნება.
კონცერტი საპატრიარქოს გუნდის მიერ შესრულებული პატრიარქის საგალობლით "წმინდაო ღმერთო" დაიწყო. დარბაზში იმყოფება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, რომელსაც საზოგადოება ტაშით შეხვდა.
როგორც კულტურის პალატის ხელმძღვანელმა დავით ოქიტაშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, ჯემალ სეფიაშვილის კონცერტის ორგანიზატორია საქართველოს კულტურის პალატა, მხარდამჭერები კი თბილისის მერია და კულტურის სამინისტრო. ოქიტაშვილის განცხადებით, კულტურის პალატამ ამ კონცერტისთვის მზადება გასული წლის თებერვლიდან დაიწყო და კონცერტი საკმაოდ საინტერესო იქნება. მასში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი ქართველი მომღერლები და შემსრულებლები. ოქიტაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ღონისძიების კულმინაცია იქნება პატრიარქის მიერ შესრულებული ერთ-ერთი საგალობლის ვიდეოჩანაწერი, რომელსაც საპატრიარქოს გუნდი წარმოადგენს.
"ღონისძიების კულმინაცია იქნება პატრიარქის მიერ შესრულებული ერთ-ერთი საგალობელი, მან თვითონაც არ იცის ამის შესახებ, ჩვენ მოვიპოვეთ ეს უნიკალური ჩანაწერი. საპატრიარქოს გუნდი პატრიარქის ნამღერზე შეასრულებს ამ საგალობელს", - განაცხადა დავით ოქიტაშვილმა.
"ინტერპრესნიუსთან" საუბრისას თავად კომპოზიტორმა ჯემალ სეფიაშვილმა განაცხადა, რომ დღეს კონცერტზე პატრიარქს მიუძღვნის სიმღერას, რომელიც შოთა რუსთაველის ლექსზეა შექმნილი.
აღნიშნული სიმღერის პრემიერა დღეს პირველად შედგება.
"ძალიან მიხარია, რომ ასეთი აჟიოტაჟია ჩვენს ქალაქში, ჩვენს ქვეყანაში და ასეთი ხმაურით ვზეიმობთ ყველა მისი უწმინდესობის დაბადების დღეს. ბედნიერი ვარ, რომ ბედმა მარგუნა დღეს სცენიდან ჩემი სიმღერით მეგობრებთან ერთად პატრიარქს გულწრფელად მივულოცო დაბადების დღე. პროგრამა იქნება განსაკუთრებული, სიურპრიზებიც იქნება, ერთ-ერთი მთავარი სიურპრიზია - პირველად შესრულდება შოთა რუსთაველის ლექსზე სიმღერა, რომელიც პატრიარქს ეძღვნება", - აღნიშნა ჯემალ სეფიაშვილმა. პატრიარქისადმი მიძღვნილ კონცერტზე საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი მეუღლესთან ერთად მივიდა.
იქ იმყოფება ასევე პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი, დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მთავრობის სხვა წევრები, ამერიკის ელჩი საქართველოში იან კელი, თბილისის საკრებულოს წევრები.